კორონავირუსის სიმპტომებით მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ 7 პაციენტია შეყვანილი
11 მაისის 11:00 საათის მონაცემებით, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში კორონავირუსის სიმპტომებით 7 პაციენტია შეყვანილი.

მარნეული „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა ტატა შენგელაიამ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ შვიდი პაციენტიდან ექვსი მარნეულელია.

პაციენტების ბიოლოგიურ მასალას ლუგარის ლაბორატორიაში დღეს, დღის ბოლოს, გააგზავნიან. ტატა შენგელაიას განმარტებით, დღის ბოლოს პაციენტთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

7 მაისს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ 15 თანამშრომელს და ხუთ პაციენტსაც. მათი ტესტირების პასუხები უარყოფითია.

6 მაისს მარნეულში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირების პირველი ეტაპი ჩატარდა. ანალიზები სულ 303 მოქალაქეს აუღეს. მათი ტესტირების პასუხებიც უარყოფითია.

7 მაისს ჩატარებული 370 ტესტიდან მხოლოდ ერთი იყო დადებითი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების კლასტერიდანაა.

8 მაისს ჩატარებული 437 ტესტიდან ყველა უარყოფითი იყო.

მარნეულის მუნიციპალიტეტი 23 მარტს ჩაიკეტა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და მაშინ ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. მარნეულის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო.

18 მაისიდან მარნეული გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია, 7 მაისს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები