მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი სუს-ში დაკითხვაზე იყო
მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი და უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს.
ბაირამოვას განცხადებით, გამოკითხვა სუს-ის მიერ რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება.

„ორშაბათს დამიბარეს დაკითხვაზე მოწმის სტატუსით და გუშინ, 3 ივნისს, ვიყავი დაკითხვაზე. საღამოს რვა საათზე მივედი და ჩემი დაკითხვა დაახლოებით ორსაათნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა. სუს-ის განცხადება ძირითადად მარნეულში განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ დაკითხვის შინაარსსა და კითხვებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მიხედვით გამოძიების დასრულებამდე ამ საკითხზე საუბარი აკრძალულია“ - ამბობს სამირა ბაირამოვა

ბაირამოვა ფიქრობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაგვიანებით დაიწყო, რადგან მათი განცხადება 30 მაისს გავრცელდა მარნეულში კი ნარიმან ნარიმანოვის საკითხზე პროცესი ერთი კვირით ადრე დაიწყო.

„რა თქმა უნდა, გამოძიებას საფუძვლად დაედო მარნეულში არსებული მდგომარეობა და მეუფის დისკრიმინაციული გამოსვლა ამ საკითხებთან დაკავშირებით. ცუდია, რომ არც ადგილობრივი თვითმმართველობა და არც სახელმწიფო ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას არ აკეთებს. რაც შეეხება ნარიმანოვის საკითხს, ეს არაა ჩემი გადასაწყვეტი თემა. ადგილობრივ თვითმმართველობას, როგორც ვიცი ამ საკითხზე ჯერ კიდევ სამი წლის წინ უნდა შეექმნა სამუშაო ჯგუფი, მაგრამ დღემდე არაფერი არაა ცნობილი“ - ამბობს სამირა ბაირამოვა

მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი და უფლებადამცველი აცხადებს, რომ გამოძიების დასრულების შემდგომ აუცილებლად გააკეთებს კომენტარს მისი დაკითხვისა და საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.

TV პირველის ინფორმაციით, მარნეულის მერი, ზაურ დარგალი, 2 ივნისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. საკითხის დეტალები უცნობია, ზაურ დარგალი კომენტარს არ აკეთებს. ამავე არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, გარდა ზაურ დარგალისა, სუს-ში რამდენიმე მარნეულელის დაბარება კიდევ იგეგმება.

რადიო "მარნეული"


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები