სიახლე
აგვისტოს ომის დევნილების ცხოვრება ავარიული შენობისა და ქვეწარმავლების შიშით
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის დევნილთა დასახლებაში თაგვების, გველების და ტარაკნების დაკბენის შიშით მოსახლეობას ყოველდღიურად უწევს ცხოვრება.

შენობა ორ სართულიანია, ადვილად შეამჩნევთ ჩამონგრეულ კედლებს, დამწვარ ჭერს , ფანერის იატაკს და ღიად დატოვებულ ელექტრო გაყვანილობას. როგორც მოსახლეობა გვიყვება საცხოვრებელში გაჩერება უკვე შეუძლებელია.



მსგავს პირობებში ცხოვრება კი თორმეტი წელია უწევთ. ისინი ლიახვის ხეობიდან 2008 წლის ომის დრო მარნეულში გადმოასახლეს. მარტოხელა დედის, სალომე დემეტრაშვილის სახლის კედელი რამდენიმე წლის წინ ღიად დატოვებულმა დენის გაყვანილობამ დაწვა. როგორც ის ჩვენთან საუბარში ამბობს, ადგილობრივები ყურადღების გარეშე არიან დარჩენილი.

„არავინ მოსულა და არავინ გვიკეთებს ამ კედელს. გველებით არის გავსებული. გველი, ხვლიკი, ყველაფერი ამ კედელშია. უბრალოდ სანამ არ ამოვიხოცებით და მართლა ისეთი ხანძარი არ გაჩნდება, არავინ მოგვაქცევს ყურადღებას. გაგიჟებულები ვარ ხალხი. თუ არ გადავყავართ სადემე ელემენტარულად ეს კორპუსი მაინც გაგვიკეთონ. რაღაცით დავკმაყოფილდეთ ხალხი და საარსებო წყარო მოვნახოთ. ვერც რემონტს ვაკეთებთ“

სალომეს მსგავს პირობებში უწევთ ცხოვრება შაუმიანის დევნილთა დასახლების სხვა მცხოვრებლებსაც. 71 წლის სურმანი მანდიკაშვილი გვიყვება, რომ მათი პრობლემებით მხოლოდ არჩევნების პერიოდში ინტერესდებიან.

„ამ ბინებში არ იცხოვრება, ყველა ოთახი ნესტიანია. ხო ხედავთ რამდენი ბავშვი ცხოვრობს. არ ვიცი როგორ ძლებენ. ეს ბავშვები სხვა რეგიონში რომ გავლენ ხოლმე, ფერს შეიცვლიან და ისე მოდიან . აქ ნესტი რომ არის, ფერს კარგავენ. ზამთარში როგორც გარეთ, ისე შიგნით ცივა. ფეხებს ვერ ვითბობ. რომელ საუკუნეში ვართ ეხლა ათასნაირი კომპიუტერული ცხოვრება მოვიდა და ჩვნ აქ უნდა ვცხოვრობდეთ?



კიდევ ერთი დევნილი, მრავალშვილიანი დედა , ლელა აბაშიშვილი ამბობს, რომ ქვეწარმავლების შიშით, სახლში ფანჯარას ვერ აღებს.

„მეშინია ბავშვებს არაფერი მოუვიდეთ. კანალიზაციაში ამოდის გველი და ფანჯრიდან ვეღარ ამოვა? იატაკიც ნელ-ნელა ქვევით იწევს. კედლებს ვამაგრებთ ზაფხულობით, მერე ისევ ინგრევა ზამთარში. აზრი არ აქვს, იხსნება კედლები და შიშში ვცხოვრობთ. ათასი უბედურება ბუდობს იატაკის ქვეშ.

რადიო მარნეული ამ დრომდე ცდილობს გაარკვიოს გაუწევს თუ არა მათ რაიმე სახის დახმარებას ადგილობრივი თვითმმართველობა. რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ სოფელ შაუმიანში მცხოვრებ დევნილებისთვის სოფლის ტიპის დასახლების მოწყობა ამ ეტაპზე არ განიხილება, თუმცა ახალი საცხოვრებელის მისაღებად პროგრამებს სთავაზობენ.

„ვიცით ეს დევნილები რა პირობებშიც ცხოვრობენ. მათ შეუძლიათ, რომ ისარგებლონ ჩვენი სააგენტოს განსახლების პროგრამებით. ეს იქნება ბინაზე განაცხადი, სოფლად სახლი, ყველა პროგრამაში შეუძლლიათ ჩართვა. კრიტერიუმების მიხედვით მოხდება მათი განსახლება. ჩვენ მარნეული უყურადღებოდ არ დაგვიტოვებია. ვცდილობთ შაუმიანსაც დავეხმაროთ. ჯერჯერობით არის განსახლების პროგრამები“ - გვითხრა პრესსამსახურის უფროსმა მარიკა მათიაშვილმა

სოფელ შაუმიანის დევნილთა ორსართულიან საცხოვრებელში დაახლოებით რვა ოჯახი ცხოვრობს. ყველა მათგანი სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობს. 



FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია