იმამკულიევის განცხადებით, მარნეულის მერი სტიქიით დაზარალებულებისათვის არაფერს აკეთებს
დღეს, 16 ივლისს, მარნეულში ვაჟა ფშაველასა და აღმაშენებლის ქუჩები დაიტბორა. წყალი მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებში შევარდა. სტიქიური მოვლენის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართული, განადგურდა საკარმიდამო ნაკვეთზე არსებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია და მოსახლეობის ნაწილს დაეხოცა შინაური ფრინველი.

„შვიდი საათი იყო დაწყებული როდესაც ხმაურმა ყვირილმა და კარებზე ბრახუნმა გაგვაღვიძა, წყალი, წყალიო. გამოვაღეთ კარები და რას ვხედავთ, ზემოდან მოდის წყალი. სახლში შემოგვივარდა, სარდაფი სულ დაიტბორა, მოზრდილი წიწილები და ქათმები მყავდა და სულ ჩაიხოცა. ავეჯიც სულ გაფუჭებულია. 2018 წელსაც ასე იყო, მაშინაც ყველაფერი გაგვიფუჭდა, 2012 წელსაც ასე იყო. პატრონი არ გვყავს, არავინ არ მოსულა, როდესაც ვუთხარი შემოდით და ნახეთ მეთქი, აზრი ქალბატონოო, ასე მითხრეს“ - გვითხრა დაზარალებულმა კიკნაძე ზოიამ

სტიქიით დაზარალებული ოჯახები დილის საათებში მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა მოინახულა. ადგილზე იყო მისული „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი ახმედ იმამკულიევიც. მისი თქმით, მარნეულის მერიის წარმომადგენლები დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად არაფერს აკეთებენ.

მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ იმამკულიევი მარნეულის მერიაში მარნეულის მერთან შესახვედრად წავიდა.



„მე მერთან მინდოდა შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ გვესმის, რომ ადამიანები ვართ და ამ სტიქიურ მოვლენას ვერ შევაჩერებდით, მაგრამ მერს აქვს უფლება, რომ ჩვენი ბიუჯეტიდან გაიღოს თანხა რომლითაც მოსახლეობის დროებითი დახმარება შეგვიძლია. ეს ნიშნავს, პირველ რიგში, საკვებით, სასმელი წყლით და საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფას, ანუ სასტუმროებში მიყვანას. დილით ჩვენი მარიონეტი მერი თურმე იქ ყოფილა და უთქვამს, რომ კომისია შეიქმნება და კომისია მიხედავს. ახლა ბავშვებს რომ წყალი უნდა, ბავშვებს რომ საჭმელი უნდა ამას რა კომისია სჭირდება“ - განაცხადა ახ მედ იმამკულიევმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას

მარნეულის მერი ახმედ იმამკულიევს არ შეხვდა. მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ იმამკულიევთან საუბრისას განაცხადა, რომ მარნეულის მერი შეხვედრაზე იმყოფება, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის შესახებ კი მერია საქმის კურსშია და სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

„კომისია შექმნილია რომელიც ადგილზეა გასული და ადგილობრივი თვითმმართველობა მუშაობს. რვის ნახევრიდან ადამიანები ადგილზე არიან გასული და კომისიურად ხდება ფაქტების ფიქსირება რათა ოქმებში ასახულ იქნას არსებული ზარალი“ - განაცხადა ნინო დეკანოიძემ

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მარიამ ხაჩიძემ განაცხადა, რომ ადგილზე მერიის თანამშრომლებთან ერთად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც მუშაობს და წყლების ამოტუმბვა მიმდინარეობს.

რადიო „მარნეული“


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები