„განათლების მიმართულებით, კიდევ, ბევრი რამაა გასაკეთებელი“ - თანასწორობისა და ინტეგრაციის 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის შეფასება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2021-2023 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწოფო სტრატეგიის დოკუმენტის შედგენაზე მუშაობს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა, თინა ღოღელიანმა განაცხადა, რომ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა სახელმწიფოს სამოქალაქო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ღოღელიანის განცხადებით, 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმას ოთხი მთავარი მიზანი ჰქონა.

„ეს მიზნები იყო, რომ სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში მომხდარიყო ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის გაზრდა, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ასევე, სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესება, თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური პირობების და შესაძლებლობების რეალიზება და ეთნიკური უმცირესობების კულტურის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია. ყველა ამ სტრატეგიული მიზნის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, პროექტი თუ ღონისძიება გატარდა და ჩვენ ხელშესახები, დადებითი შედეგებიც მივიღეთ“ - განაცხადა თინა ღოღელიანმა

სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონების სამხარეო ადმინისტრაციებთან ჩამოყალიბდა საკონსულტაციო საბჭოები, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას გაზრდის. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანი იყო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისათვის სახელმწიფო ორგანოებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებში სტაჟირების პროგრამის შემოღებაც, რომელიც 2017 წლიდან დღემდე 300-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა.

თინა ღოღელიანის განცხადებით, 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით ნაწილობრივ გაუმჯობესდა საგანმანათლებლო მიმართულებაც, მაგრამ სამომავლოდ ამ მიმართულებით უფრო მეტი აქტივობის განხორციელებაა დაგეგმილი.

„განათლების მიმართულებით კიდევ ძალიან ბევრი რამაა გასაკეთებელი, რათა მოხდეს ხარისხიანი განათლების შეთავაზება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის რასაც განათლების სამინისტროს მხრიდან მომდევნო წლებში უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა“ - განაცხადა თინა ღოღელიანმა

ღოღელიანმა რადიო „მარნეულთან“ მარნეულში ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა, რომელიც ძირითადად ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს შეეხება, და განაცხადა, რომ ყველა საკამათო საკითხზე, რომელიც საზოგადოებაში დიდ გამოხმაურებას ჰპოვებს, საჯარო დისკუსიების გამართვაა საჭირო, რათა მოქალქეებმა გადაწყვეტილებები კონსესუსის საფუძველზე მიიღონ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები