Covid-19 და წინასაარჩევნო შეხვედრები - იცავენ თუ არა რეკომენდაციებს მარნეულის მაჟორიტარი კანდიდატები
მარნეულში პარტიების ნაწილი მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებისას კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს არ იცავენ. მოსახლეობასა და პარტიის წარმომადგენლებს არ უკეთიათ პირბადეები და მათ შორის დისტანცია დაცული არაა.

„ქართული ოცნების“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატის ზაურ დარგალის წინასაარჩევნო შეხვედრები ძირითადად სოფლებში იმართება. შეხვედრის ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალებიდან ჩანს, რომ არც მოსახლეობას და არც პარტიის წარმომადგენლებს პირბადეები არ უკეთიათ და დისტანციას არ იცავენ.

რადიო „მარნეული“ საკითხის გასარკვევად „ქართული ოცნების“ მარნეულის შტაბის წარმომადგენლებს დაუკავშირდა, მაგრამ ისინი ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

ჩვენთან საუბრისას „ლელოს“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა კანდიდატმა მურად მურადოვმა განაცხადა, რომ „ლელო“ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხალხმრავალ შეხვედრებს არ ატარებს.

„წინასაარჩევნო აგიტაციის დაწყებისთანავე ჩვენ გვქონდა ფართომასშტაბიანი შეხვედრები ჩვენს ამომრჩევლებთან. ჩვენს ამომრჩევლებს აქტიურად ვხვდებოდით სოფლის ცენტრებსა და სხვადასხვა ლოკაციებში. ბოლო დღეების განმავლობაში, კორონავირუსის ფართო გავრცელების გამო, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავიცვათ რეკომენდაციები და ფართომასშტაბიან ღონისძიებებს იშვიათად ვატარებთ. უპირატესობას ამომრჩევლებთან პირისპირ შეხვედრებს ვანიჭებთ, რომელიც, რა თქმა უნდა, რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს“ - გვითხრა მურად მურადოვმა

„ლელოს“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა კანდიდატმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს ძირითადად მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არღვევს.

„ქართულ ოცნებას“ რეკომენდაციების დარღვევაში ადანაშაულებს „ევროპული საქართველოს“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი ახმედ იმამკულიევიც. მისი თქმით, „ქართული ოცნებისათვის“ კანონები და რეკომენდაციები არ არსებობს და ისინი მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ.

იმამკულიევის განცხადებით, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს „ევროპული საქართველო“ ყოველთვის იცავს დისტანციას და ამის ამსახველი კადრები მას აქვს, მაგრამ ამომრჩევლებზე ზეწოლის შიშის გამო ის კადრების გასაჯაროვებას არ აპირებს.

„წინასაარჩევნო შეხვედრებზე ჩვენ სპეციალურად მივდივართ მიკროფონით და დინამიკით რათა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ერთ ადგილას არ მოიყაროს თავი და უფრო დაშორებულები იყვნენ ერთმანეთისაგან. წინასაარჩევნო აგიტაციისას მოსახლეობასთან შეხვედრებზე ჩვენ იძულებულები ვართ, რომ ამ მიკროფონით ვიაროთ“ - განაცხადა ახმედ მიმაკულიევმა

იმამკულიევმა ჩვენთან საუბრისას კორონავირუსის პრევენციის მიზნით დადგენილი რეკომენდაციების დარღვევაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ დაადანაშაულა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის და გარდაბნის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა აგილ მუსტაფაევმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ისინი შეხვედრებს ყოველთვის ღია სივრცეში ატარებენ.

„ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჩვენსა და მოსახლეობას შორის იყოს დისტანცია. შესაძლებელია, რომ ჩვენთან შეხვედრებზე ბევრი მოსახლეც ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს კანონი, რომელიც შეიძლება კრძალავდეს საარჩევნო შეხვედრებს. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მოსახლეობას შორის იყოს დისტანცია, მაგრამ ამის არარსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კანონს ვარღვევთ. ჩვენი შეხვედრები კანონის ფარგლებში გრძელდება“ - გვითხრა აგილ მუსტაფაევმა

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პრევენციის მიზნით ღია და დახურულ სივრცეებში მოსახლეობის თავშეყრა აკრძალა, მაგრამ ეს აკრძალვა წინასაარჩევნო აგიტაციას არ ეხება.

წინასაარჩევნო აგიტაციისას პარტიებს მიეცათ რეკომენდაციები, რომ მოსახლეობას შორის იყოს დისტანცია და შეხვედრის ყველა დამსწრეს ეკეთოს პირბადე.

სქართველოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. დღეს, 21 სექტემბერს, კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 695 შემთხვევაა დადასტურებული.

რადიო „მარნეული“

გარეკანისათვის ფოტოები აღებული აგილ მუსტაფაევისა და ზაურ დაეგალის ფეისბუქ გვერდებიდან
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები