მერის მოადგილის პირველი კომენტარი მედიასთან
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ როინ დეკანოიძე დაინიშნა. საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას ოფიცილაურად 1 ივნისიდან შეუდგა. როგორც ის რადიო "მარნეულთან“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, აღნიშნულ თანამდებობას მუნიციპალიტეტის სპეციფიკის და პრობლემების ცოდნის გამო დასთანხმდა. ფიქრობს, რომ თვითმმართველობაში მუშაობა, როგორც ადგილობრივს არ გაუჭირდება.

“მომეცა საშუალება, რომ ვემსახურო იმ მოსახლეობას, იმ რაიონს, სადაც დავიბადე, გავიზარდე და გარკვეული წლები ვიმუშავე და გარკვეული გამოცდილება მივიღე. ამის მიუხედავად, ერთი პლაცდარმიც არის ჩემთვის, რომ კიდევ ერთხელ დავიხარჯო და კიდევ ერთხელ ვაჩვენო ჩემ თავსაც და ჩემ რაიონსაც თუ რისი გაკეთება შემიძლია - ეს ერთგვარი გამოწვევაც არის. ამას ემატება ისიც, რომ მე გარკვეული წლები აქ ვიმუშავე, შეიძლება ითქვას ყველა სოფლის ავი და კარგი ვიცი და რაც ყველაზე მთავარია , სპეციფიკა აქაურ მაცხოვრებლებთან მუშაობის, ესაა სომეხი ეროვნების, აზერბაიჯანული ეროვნების თუ ა.შ. ყველასთან გარკვეული, სპეციფიური, ცხოვრებისეული ურთიერთობა დამიგროვდა და ვფიქრობ, რომ არ გამიჭირდება გარკვეული საკითხების უფრო მარტივად მოგვარება“.

როინ დეკანოიძე ამბობს, რომ ახლა საქმის შესწავლის პროცესშია. იმედოვნებს, რომ თვითმმართველობის თანამშრომლებთან მუშაობით, მუნიციპალიტეტის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ყველა სამსახურს გავდივარ სათითაოდ, შესწავლის პროცესში ვარ. ზედამხედველობის სამსახური, კულტურა, ბავშვთა დაცვა, ეკონომიკა და ა.შ. ყველა სამსახურს გავდივარ დეტალურად. პრიორიტეტებსაც ამის მიხედვით ჩამოვაყალიბებ თუ რომელი საქმე და რომელი საკითხი აღარ ითმენს გადადებას და არის დაუყოვნებლივ გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, ვერ გამოვყოფთ, რომ კულტურა მეორეხარისხოვანია და ეკონომიკაა პირველხარისხოვანი. ყველა პირველხარისხოვანია, მაგრამ შესწავლის პროცესში კიდევ უფრო ჩამოვაყალიბებთ თუ რა როგორ უნდა გაკეთდეს. რა თქმა უნდა, მარტო ამას ვერ გავაკეთებ და იმედია, ამ გუნდთან ერთად ყველაფერი იქნება ისე, როგორც ქვეყანას და ხალხს სჭირდება“.

მარნეულის მერის მოადგილე სპეციალობით სამართალმცდოდნეა, დამთავრებული აქვს პოლიციის აკადემია და 16 წლის განმავლობაში, სხვადასხვა პოზიციაზე, პოლიციაში მუშაობდა. იყო სასჯელაღსრულების უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, შემდგომ სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების დირექტორის მოადგილე და N2 დაწესებულების დირექტორი. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში დეკანოიძე კვლავ სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები