ვაქცინაციაზე სასაუბროდ მარნეულის სასულიერო პირებთან და ექიმებთან ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტები ჩამოვიდნენ
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 7 ივლისს, მარნეულში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. პირველი შეხვედრა სოფელ აღმამედლოში, ადგილობრივ მუსლიმ რელიგიურ ლიდერებთან შედგა, შემდეგ კი ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან. როგორც იუნისეფის ხელმძღვანელმა საქართველოში, ღასან ხალილმა აღნიშნა, ვაქცინაციისთვის სწორი დრო დღევანდელი მოცემულობაა. ფიქრობს, რომ კორონავირუსის ერთადერთი გზა იმუნიზაციაა.




ძალიან გვიხარია, რომ ვართ მარნეულში გვაქვს შეხვედრები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით. საქართველოში 1%-ზე ნაკლები არის სრულად აცრილი მოსახლეობა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ძალიან დიდი რისკის ქვეშ. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, რომ აუცილებლად ჩაიტაროთ ვაქცინაცია, რათა ვიყოთ დაცულები ამ საშინელი ვირუსის წინააღმდეგ“ - აღნიშნა ღასან ხალილმა

დღევანდელ შეხვედრებს გაეროს ბავშვთა ფონდის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტები უძღვებოდნენ. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, აუცილებელია მოსახლეობის სწორი ინფორმირება ვაქცინებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ახლო მომავალში, ივნისი-ივლისის პერიოდში ამცრელი პუნქტების გაფართოება იგეგმება.




„განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს. მოგეხსენებათ, ორი კვირის წინ გახლდით ასევე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. ეთნიკურ უმცირესობებთან კომუნიკაციაში და კომუნიკაციის გააქტიურებაში ძალიან გვეხმარება გაეროს ბავშვთა ფონდი. მოსახლეობის დამყოლობა იზრდება, ბოლო გამოკითხვებით 49%-ს უნდა აცრა და ამ ხალხს ჩვენ უნდა მივცეთ ადვილად აცრის და ხელმისაწვდომობის საშუალება. ანუ, უნდა გაფართოვდეს ამცრელი პუნქტების რაოდენობა, უნდა გაფართოვდეს მათთვის გეოგრაფიულად უფრო ადვილად მისვლა ამცრელ პუნქტებამდე. 20% ჯერჯერობით ყოყმანობს და ამ ხალხზე სწორედ ექიმების და ჩვენი სამედიცინო პერსონალის პირადი მაგალითებით და მოწოდებებით და ახსნა-განმარტებებით უნდა დავარწმუნოთ რა სიკეთე მოაქვს აცრას.“ - თქვა ამირან გამყრელიძემ

შეხვედრის მონაწილე, ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ ვაქცინაცია კორონავირუსის დამარცხების ერთადერთი საშუალებაა. ყველამ უნდა გააცნობიეროს მისი ეფექტურობა, რისთვისაც მსგავსი შეხვედრების ჩატარება აუცილებელია.



„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონები და რაიონები არსად არ იყოს დიფერენცირება. მაგალითად სადღაც იყოს ვაქცინაციის კარგად მოცვა, სადღაც იყოს დაბალი მოცვა. ჩვენ არ გვაწყობს მხოლოდ დიდი ქალაქები იცრებოდნენ და პერიფერიები დარჩნენ. რადგან შეიძლება მერე ყველანაირი აფეთქება ასეთ აუცრელ რეგიონში აღმოცენდეს.. ჩვენ ვცდილობთ სადაც უფრო მეტად უჭირს მოსახლეობას გადაწყვეტილების მიღება, სადაც სამედიცინო საზოგადოება არ არის მზად გარკვეული შიშის გამო, ან კითხვებზე სჭირდებათ პასუხი, უშუალოდ მათთან გვქონოდა შეხვედრა. რელიგიურ ლიდერებს აქვთ ძალიან დიდი გავლენა ადამიანებზე. იმიტომ, რომ ადამიანები ხშირად მათ ეკითხებიან აზრს. ეს არის ქართული სამოციქულო ეკლესია თუ მუსულმანური თემი, არ აქვს მნიშვნელობა გრიგორიანული სამოციქულო ეკლესია. ჩვენ ყველასთან ვიყავით და ვაგრძელებთ ამ შეხვედრებს და თითოეულ მათგანს, რომ ისინი თავისი მრევლისთვის იყვნენ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებლები.“ -ამბობს ბიძნა კულუმბეგოვი

მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაურ დარგალმა, მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა. აღნიშნა, რომ იმუნიზაციაში ჩართვას უახლოეს დღეებში თავადაც გეგმავს. ფიქრობ, რომ მარნეულელებისთვის მაგალითი იქნება.

„მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჩვენი რეგიონისთვის იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი არის საკმაოდ დაბალი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოსახლეობაში ნდობა გაიზარდოს ვაქცინაციის მიმართ. ჩვენ მზად ვართ და ალბათ ერთად დავგეგმავთ კამპანიას, რომ მოსახლეობაში მოხდეს ცნობიერების ამაღლებას ამ მიმართულებით“ - ამბობს ზაურ დარგალი

საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ, გაეროს ბავშვთა ფონდის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლემა და ჯანდაცვის ცნობილმა ექსპერტებმა, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“, გადაინაცვლეს, სადაც იუნისეფის წარმომადგენელი ღასან ხალილი, ადგილობრივი მუსლიმი რელიგიური ლიდერი და სხვა მსურველები აიცრნენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები