ძლიერი ქალები ძლიერი სოფლისთვის - არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით განვითარებული მარადისი
„რომ არა არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი მხარდაჭერა, მარადისში არ იქნებოდნენ  ქალები ასე გაძლიერებული, არ გვექნებოდა ლამაზი სკვერი, ძალიან ბევრი წარმატებული ფერმერი გვყავს, რომლებიც არასამთავრობოებისგან დაფინანსდნენ. რომ არა CENN,  დღეს ჩვენ მარადისში არ გვექნებოდა ბიბლიოთეკა, საპრეზენტაციო დაფა, არ გვექნებოდა 1000 წიგნი შეძენილი. მოსწავლეებს არ ექნებოდათ შესაძლებლობა ავსტრიაში მოგზაურობის და ცოდნის გაღრმავების“ - ამბობს მარადისში მცხოვრები მასწავლებელი ანჟელა ბოლქვაძე, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან. პედაგოგი თვლის, რომ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი მათი განვითარებისათვის საზიანო იქნება.

ქართული ოცნებისაგან გამოყოფილი დეპუტატების ჯგუფმა „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ, რომლის მიხედვითაც ყველა მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტიც უცხოური ორგანიზაციებიდან ფინანსდება „უცხოური გავლენის აგენტად“ ჩაითვლება.

„აგენტი ჩამშვებ ადამიანად ითვლება. რა გამოდის ახლა, მარადისში არასამთავრობო ორგანიზაციების აგენტები ვართ? პირადად მე, სკოლაში არასამთავრობოების მიერ დაფინანსებული ჩანთით დავდივარ, აწერია კიდეც - ამერიკელი ხალხისგან და მე ამერიკელი ხალხის აგენტი ვარ? წარმოუდგენელი ჩემთვის და ვფიქრობ, რომ უნდა იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები მით უმეტეს, მათ მიერ დაფინანსებული თანხები არამიზნობრივად არ იხარჯება“ - ამბობს ანჟელა ბოლქვაძე.

ანჟელას მსგავსად, საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრობს მარადისში მცხოვრები ნაირა ბოლქვაძე. მას ისევე, როგორც სხვა მარადისელებს სწორედ  არასამთავრობოების ფინანსური მხარდაჭერით მიეცათ სოფლის მეურნეობის განვითარების, საკუთარი თავის წარმოჩენის და ეკონომიკური განვითარების და განათლების მიღების შესაძლებლობა. ამის დასტური კი მარადისში დაფინანსებული 61 პროექტია.

„რომ არა უცხოური ორგანიზაციები, ახლა ჩვენ არაფერი ვიქნებოდით. წარმოდგენაც არ გვქონდა დახმარებებზე, პროექტებზე. ჩვენი პირველი დამფინანსებელი იყო ფონდი „ტასო“ რომელმაც წასახალისებლად 2500 ლარები დაგვირიგა და დაგვაფინანსა. შემდეგ ქალთა გაძლიერების მხრივ ჩაატარა ძალიან ბევრი ტრენინგი. იმის შემდეგ გავიაზრეთ რა უფლებები გვქონდა, რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა. ჩვენს ცხოვრებაში ნათელი წერტილი გამოჩნდა უცხოური ორგანიზაციები და ესეც თუ არ იქნება ძალიან ცუდად აისახება. საქართველოს მომავალსაც უკან წაიყვანს, საქართველოს ქალებსაც და ზოგადად, სოფლის მეურნეობას“

საერთაშორისო მხარდაჭერამ მისცა სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობა კიდევ ერთ მარადისელ თამარ ტყემალაძესაც. როგორც ის ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ არა ფინანსური დახმარება, შემოსავლის დამოუკიდებლად მიღების საშუალება არ ექნებოდა.

„2019 წლიდან ჩამოვიდა სოფელში ფონდი „ტასო“, რომელმაც ძალიან დიდი მოტივაცია მოგვცა პროექტების განხორციელების. 2020 წელს დავწერე მე პირადად პროექტი, მოტობლოკზე, ხელის პატარა ტრაქტორზე, სადაც დავფინანსდი და შევიძინე ტექნიკა. ეს დაფინანსებები იმისთვის არის, რომ ქალებმა შემოსავალი გავიზარდოთ და არ ვიყოთ მარტო ოჯახზე დამოკიდებული“

„ხალხის ძალის“ ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელსაც მხარს „ქართული ოცნებაც“ უჭერს, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი არის საერთაშორისო პარტნიორებისა და ორგანიზაციებისაგან დაფინანსებული უნდა დარეგისტრირდეს როგორც „უცხოური გავლენის აგენტი.“ იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციამ, რომელმაც სავალდებულო რეგისტრაცია არ გაიარა მას დაეკისრება 25 000 ლარის ოდენობის ჯარიმა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორის განცხადებით, „უცხოური გავლენის აგენტად“ დარეგისტრირება მედიაორგანიზაციების დისკრედიტაციას შეუწყობს ხელს, ხოლო მათი დაჯარიმება პირდაპირ გამოიწვევს რეგიონული თუ ონლაინ მედიების დახურვას, რადგან მათ არ აქვთ საკმარისი ფინანსური სახსრები ჯარიმის გადახდისა და მუშაობის გაგრძელებისათვის.

და ბოლოს, თუ პარლამენტმა ეს კანონი მიიღო მომავალში ვერც ჩვენს ვებ გვერდზე წვდომა იქნება შესაძლებელი, რადგან ჩვენც გაქრობის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები