"არ გაპატიეთ, ნიგვზიანის, წინწყაროს და ბევრი სხვა მეჩეთების დახურვა" - ტარიელ ნაკაიძე
4 აპრილს, პარლამენტის დასმოუკიდებელი წევრი, ტარიელ ნაკაიძე, პლენარულ სხდომაზე მემედ აბაშიძის გამოსახულებიანი მაისურით მივიდა. პარლამენტის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ის ყოველთვის გაუსვამს ხაზს საქართველოს იმ მამულისშვილებს, რომლებიც ქვეყნის რელიგიურ-ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენენ და მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი საქართველოს ერთიანობის საქმეში.

„დღეს ჩემს მაისურზე დატანილია დიდი ქართველი მამულიშვილის საქართველოს მთლიანობისთვის მებრძოლი მემედ აბაშიძის სურათი. მე ყოველ სესიაზე, როცა პოლიტიკური გამოსვლა მექნება აუცილებლად შეგახსენებთ თქვენ და თქვენ გუნდს საქართველოს იმ მამულიშვილების შესახებ, რომლებიც ამ ქვეყნის რელიგიურ-ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენენ და უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვთ საქართველოს ერთიანობის საქმეში.

რაც რუსული კანონი საქართველოს მოსახლეობამ უკან დაგაბრუნებინათ, დაკარგეთ ყოველგვარი სახელმწიფოებრივი აზროვნება, არგუმენტის გარეშე ესხმით თავს ყველა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანს. ცდილობთ დააშინოთ მოსახლეობა. მაგრამ ეს ნამდვილად არ გამოგივათ. საქართველოში მცხოვრები უმცირესობები ღირსეულად დაგახვედრებთ პასუხს ყველა პლატფორმაზე. თქვენ კუთხეში ვერ დააყენებთ რეგიონებს, მით უფრო აჭარას, თუმცა თქვენი ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობამ უკვე კუთხეში მიაყენა და მალე დაგასრულებს.


კობახიძე, მდინარაძე, სუბარის ტროიკამ, გასულ კვირას სცადა ჩემი გაშავება, თურმე მძიმე რეპუტაციის, პრობლემური წარსულის მქონე ვყოფილვარ. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ თქვენთვის მართლაც პრობლემური ვარ. რადგან არ გაგიტარეთ და არ გაპატიეთ ჭელის მინარეთის მოხერხვა, უკან დაგაბრუნებინეთ. არ გაპატიეთ, ნიგვზიანის, წინწყაროს და ბევრი სხვა მეჩეთების დახურვა, ვერ ჩააგდეთ ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობა.

თქვენი უშინაარსო პოლიტიკით ცდილობთ აქცენტები უმცირესობებზე გადაიტანოთ. ამის თვალსაჩინო კიდევ ერთი მაგალითი ახალგაზრდა აქტივისტი ლაზარე გრიგორიადისია. ცდილობთ მისი გარეგნობის, განსხვავებული აზროვნების გამო ააგოთ ბინძური პოლიტიკა და მოსახლეობაში ნეგატიური აზრი შექმნათ მის მიმართ. ცდილობთ ქსენოფობიისა და ჰომოფობიის ინსტრუმენტალიზებით პოლიტიკური ქულის დაწერას, თუმცა ეს არ გამოგივათ. არ დაგავიწყდეთ, საქართველოს ახალგაზრდა თაობა ამ ქვეყნის ღირსეული მომავალია და არ მოგცემთ შანს ჩაახშოთ მათი ხმა.

მიუხედავად იმისა, რომ მე დღეს მიწევს აქ საოკუპაციო ხაზთან ჯდომა, არ მეშინია და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ვიყო საქართველოს უმცირესობების ხმა, რომელსაც ვერანაირი ბინძური კამპანია ვერ ჩაახშობს, რადგან ჩვენმა მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან ისტორიის სწორ მხარეს დგომა და სიმართლისთვის, მომავლისა და დასავლური პერსპექტივის ერთგულება.“
- თქვა ნაკაიძემ სიტყვით გამოსვლისას.

აღსანიშნავია, რომ 23 მარტს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ, დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეს ზურგში მიკროფონი ჩაარტყა. ტარიელ ნაკაიძის მიმართულებით მიკროფონი ისროლა „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მგალობლიშვილმაც

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები