2023 წელს მარნეულში ძაღლის მიერ ადამიანის დაკბენის 1 300 შემთხვევა დაფიქსირდა
2023 წლის განმავლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ძაღლის მიერ ადამიანის დაკბენის 1 300 შემთხვევა დაფიქსირდა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ განაცხადა, რომ გარდა ძაღლის მიერ ადამიანის დაკბენის 1 300 შემთხვევისა, ასევე დაფიქსირდა 38 შემთხვევა, როდესაც ადამიანი სხვა ცხოველებმა დაკბინა.

„ამ 1 300 შემთხვევაში შედის, როგორც შინაური, ისე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების მიერ დაკბენის
შემთხვევები. თითოეული შემთხვევა მკაცრ კონტროლზე არის აყვანილი და არ ფერხდება ამ ხალხზე მეთვალყურეობა. ვაქცინები სულ გვაქვს და ორი ანტირაბიული კაბინეტი გვაქვს „ავერსში“ და „ჯეო ჰოსპიტალსში“.
- განაცხადა ეთერ ლაფერაძემ

მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ძაღლის მიერ ადამიანის დაკბენის დროს პირს უტარდება 3 ანტირაბიული აცრა, ხოლო ცხოველზე დაკვირვება მიმდინარეობს 10 დღის განმავლობაში. ლაფერაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ცხოველზე დაკვირვება შეუძლებელია, პაციენტს 3 ანტირაბიული აცრის მაგივრად სრული კურსი, ანუ 6 აცრა უტარდება.

აღსანიშნავია, რომ გასულ წლებთან შედარებით ძაღლების მიერ ადამიანის დაკბენის შემთხვევები გაზრდილია. 2022 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით მარნეულში დაკბენის 730 შემთხვევა, 2021 წლის განმავლობაში კი 878 შემთხვევა დაფიქსირდა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები