მერია პასუხგაუცემელ წერილზე პასუხის მისაღებად დამატებით წერილს გვთხოვს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2023 წლის განმავლობაში სატელევიზიო და ახალი ამბების სააგენტოს მომსახურებაში 114 680 ლარი დახარჯა. მარნეულის მერიის მიერ „მარნეული ტვ“-სთან და „ინტერპრესნიუსი“-სთან გაფორმებული ხელშეკრულებები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული. შესყიდვების მიხედვით, მარნეულის მერიამ „მარნეული ტვ“-ს 2023 წელს 109 700 ლარი გადაუხადა, ხოლო „ინტერპრესნიუსი“-ს 4 980 ლარი.

რადიო „მარნეულმა“ მარნეულის მერიას 6 თებერვალს მიმართა კითხვებით, თუ რამდენ მედიაორგანიზაციასთან გაფორმდა ხელშეკრულება 2023 წელს, როგორ ხდებოდა დახარჯული თანხების ეფექტურობის განსაზღვრა და რამდენი მედიასაშუალება ავრცელებდა ინფორმაციას ეთნიკური უმცირესობების ენაზე.

მარნეულის მერიიდან წერილზე პასუხი 28 თებერვალს მივიღეთ, რომლის მიხედვითაც მერიამ 2023 წლის ბიუჯეტის იმ მუხლზე მიგვითითა, რომელშიც სატელევიზიო მომსახურების თანხებია გაწერილი და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გადაგვამისამართა.

„გაცნობებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის კოდით (05. 04) გამოყოფილია ფინანსური რესურსი ტელე-რადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა. ხოლო, მარნეულის თვითმმართველობის მხრიდან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, მედია საშუალებების სახელწოდება და სერვისის სპეციფიკა შესაძლებელია იხილოთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე“. - აღნიშნულია მარნეულის მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში

მარნეულის მერიამ ჩვენს მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია არ მოგვაწოდა და გვითხრა, რომ მონაცემები თავად უნდა მოგვეპობეია.

მარნეულის მერიას „ტელერადიომაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა“ პროგრამის ფარგლებში 2023 წელს 126 600 ლარი აქვს დახარჯული, რაც მარნეულის ტელევიზიისა და ინტერპრესნიუსისათვის გადახდილ თანხაზე 16 900 ლარით მეტია. დღეს, 29 თებერვალს, მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს დავით ჭიკაძეს ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა მარნეულის მერიას 2023 წლის განმავლობაში, ინტერპრესნიუსისა და მარნეულის ტელევიზიის გარდა, მედიებთან ხელშეკრულება გაფორმებული, პასუხად კი მივიღეთ, რომ ამ კითხვებზე პასუხის გასაგებად მერიას კვლავ წერილობით უნდა მივმართოთ. აღსანიშნავია, რომ რადიო „მარნეულმა“ 6 თებერვალს მერიას, წერილობით, ზუსტად იგივე კითხვებით მიმართა, რა კითხვებზე პასუხის გასაცემადაც დღეს, 29 თებერვალს, კვლავ წერილობითი მიმართვა გვთხოვეს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები