საგრანტო კონკურსი ჟურნალისტებისთვის
ჟურნალისტთა კავშირი "ხალხის ხმა" (რადიო "მარნეული") და ჩეხური ორგანიზაცია "ფიფლ ინ ნიდ" ერთობლივი პროექტის, "მედიაწიგნიერება დემოკრატიული და მდგრადი საზოგადოებისთვის საქართველოში" ფარგლებში მედია ორგანიზაციებისთვის, დამოუკიდებელი და მოქალაქე ჟურნალისტებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს.

პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ხორციელდება ქვემო-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

საგრანტო კომპონენტი:

საგრანტო კონკურსი ეხება საარჩევნო პერიოდში დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და ამომრჩეველთა ინფორმირების დონის ამაღლების საკითხებს.

ჟურნალისტური ნამუშევრების შესაქმნელად მომზადებულ საპროექტო განაცხადში აღწერილი უნდა იყოს თუ როგორ შეუწყობს ხელს მათი მომზადება და გამოქვეყნება ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო საკითხებზე, მათ მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას, დეზინფორმაციასთან ბრძოლას, საარჩევნო პროცესის ანალიზს და ზოგადად, დემოკრატიზაციის პროცესის მხარდაჭერას.

კონკურსის პირობები:

** კონკურსში მონაწილეობის მსურველი მედია ორგანიზაცია დარეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოში;
** შევსებულ განაცხადის ფორმასთან ერთად, აპლიკანტებმა უნდა გამოაგზავნონ ბოლო 3 წელიწადში მათ მიერ შექმნილი და გამოქვეყნებული ჟურნალისტური ნამუშევრების ბმულები საარჩევნო, ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და სამოქალაქო კონტროლის საკითხებზე;
** საგრანტო კონკურსის შედეგად შეირჩევა საუკეთესო შეფასების მქონე 2 განაცხადი. თითოეული პროდუქტის შესაქმნელად განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ გათვალისწინებულია ფინანსური მხარდაჭერა 2, 600 ევრო (ეკვივალენტი ლარში) გადასახადების ჩათვლით. ანგარიშსწორება განხორციელდება ლარში, გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
** პრიორიტეტი მიენიჭება მედია ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ და მოქალაქე ჟურნალისტებს, რომლებიც მუშაობენ ეთნიკური უმცირესობების აუდიტორიაზე;
** პროექტის ფარგლებში მედია ორგანიზაციამ ან დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა უნდა მოამზადოს არანაკლებ ერთი მულტიმედიური მასალა (სტატია, ვიდეო) და უზრუნველყოს მათი ადაპტაცია სოციალურ მედიაში;
** მულტიმედიური მასალა უნდა მომზადდეს არაუმეტეს სამი თვის განმავლობაში (2024 წლის ივლისის ბოლომდე);
** ჟურნალისტური ნამუშევრები შესაძლებელია მომზადდეს ეთნიკური უმცირესობების ენაზე. ასეთ შემთხვევაში, მედია პროდუქტები უნდა ითარგმნოს (სტატია) ან/და მოიცავდეს სუბტიტრებს სახელმწიფო ენაზე (ვიდეოს შემთხვევაში) და პირიქით, სახელმწიფო ენაზე მომზადების შემთხვევაში, სტატია უნდა ითარგმნოს ან/და ვიდეო (ებ)ს უნდა დაერთოს სუბტიტრები შესაბამისი ეთნიკური უმცირესობების ენაზე;
** საბიუჯეტო განაცხადში უნდა იყოს გათვალისწინებული სამიზნე აუდიტორიის ან სახელმწიფო ენაზე თარგმანის უზრუნველყოფის საფასური.

სასურველი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

** ჰქონდეს ჟურნალისტური საქმიანობის და მულტიმედიური მასალების მომზადების არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
** საკმარისი ადამიანური რესურსი ჟურნალისტური ნამუშევრის მოსამზადებლად;
** ბოლო 3-წლის განმავლობაში ჰქონდეს შექმნილი და გამოქვეყნებული ჟურნალისტური ნამუშევრები საარჩევნო, ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და სამოქალაქო კონტროლის საკითხებზე, რის ბმულებსაც თან დაურთავს განაცხადის ფორმას;
** ფლობდეს საჭირო ტექნიკურ აღჭურვილობას მულტიმედიური მასალის მოსამზადებლად;
** ორგანიზაციას, დამოუკიდებელ ან მოქალაქე ჟურნალისტს უნდა გააჩნდეს გრანტის მართვის სათანადო გამოცდილება და შესაძლებლობა (დროის განრიგის მიხედვით აქტივობების შესრულებაში, ანგარიშგებასა და ფინანსურ მართვაში.);
** მოტივაცია და ორგანიზაციული მზადყოფნა დროულად და ხარისხიანად უზრუნველყოს გრანტის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;
** პრიორიტეტი მიენიჭება მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ეთნიკური უმცირესობების აუდიტორიაზე და მათ მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი შეესაბამება შემოთავაზებულ საპროექტო იდეას.

კონკურსის ეტაპები:

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა მედია ორგანიზაციებმა, დამოუკიდებელმა ან/და მოქალაქე ჟურნალისტებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ კონკურსში მონაწილეობის პირობებს:

პირველ ეტაპზე უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე შევსებული თანდართული განაცხადის ფორმა და ბიუჯეტი (გთხოვთ, წარმოადგინოთ ეროვნულ ვალუტაში - ლარში, ბიუჯეტის შედგენის დროს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით). განაცხადების შერჩევა მოხდება კომისიური წესით. კომისია იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში პირველ ეტაპზე შერჩეულ აპლიკანტებთან ჩაატაროს გასაუბრება.

განაცხადის ფორმა და ბიუჯეტი უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it გთხოვთ, მიუთითოთ დასახელება: ჟურნალისტური პროდუქტის მომზადების საგრანტო განაცხადი.

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 28 აპრილი, 2024 წელი, 23:59 საათი.

ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი ან არასრულად შედგენილი განაცხადები არ განიხილება.

ბიუჯეტისა და განაცხადის ფორმა იხილეთ აქ:
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები