მარნეულის მერია შიდა აუდიტის დასკვნებს არ ასაჯაროებს და გამჭვირვალობას არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვს
„ქვემო ქართლის მედიას“ მარნეულის მუნიციპალიტეტი შიდა აუდიტის დასკვნებს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგაც არ აძლევს. მარნეულის მერიას „ქვემო ქართლის მედიამ“ მოუგო პირველი ინსტანციის სასამართლო დავა საჯარო ინფორმაციის საკითხზე. კერძოდ, ორგანიზაცია ითხოვდა მარნეულის მერიის შიდა აუდიტის ანგარიშებსა და რეკომენდაციებს. აღნიშნული პროცესი პირველ ინსტანციაში მუნიციპალიტეტს არასამთავრობო ორგანიზაციამ მოუგო, თუმცა როგორც მედიაორგანიზაცია განმარტავს, მუნიციპალიტეტს ჯერ კიდევ არ მიუწოდებია მათთვის საჯარო ინფორმაცია.

2023 წლის ოქტომბერში ქვემო ქართლის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ორგანიზაციამ მერიისაგან გამოითხოვა შიდა აუდიტის დასკვნები, ხოლო მარნეულის მერიამ აღნიშნული ინფორმაცია არ გასცა.

ქვემო ქართლის მედიის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავდა.

"ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ, სადაც აღნიშნული საქმე განიხილებოდა, სრულად დააკმაყოფილა რეგიონული მედიის მოთხოვნა. საქმის მოსამართლე გახლდათ, ნინო გიორგაძე.
Qvemoqartli.ge ელის თვითმმართველობისგან შიდა აუდიტის ანგარიშებს/დასკვნებს"
. - აღნიშნა მედიაორგანიზაციამ 2023 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ გამოაქვეყნა.

დღეს, 2024 წლის 18 აპრილს, მედიაორგანიზაციას მარნეულის მერიისაგან კვლავაც არ მიუღია შიდა აუდიტის დასკვნები და ანგარიშები.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია ითხოვს მიაწოდონ საჯარო ინფორმაცია მარნეულის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის, 2022 წელს, მომზადებული დასკვნების/ანგარიშების და რეკომენდაციების შესახებ.

უპასუხოდ დატოვებული წერილების შემდეგ, „ ქვემო ქართლის მედიამ – QvemoQartli.ge“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა მარნეულის მერიას. მხოლოდ საჩივრის შემდეგ, ორგანიზაციამ მიიღო პასუხი მარნეულის მერიისგან.

საპასუხო წერილში, რომელსაც ხელს მარნეულის მერი კენან ომაროვი აწერს ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია არ გაასაჯაროოს შიდა აუდიტორული შემოწმების ანგარიშები.

„ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის კიდევ ერთხელ ინიციირების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ავრცელებენ ნარატივს, რომ რუსული კანონი რეალურად გამჭვირვალობისთვისაა საჭირო და აზიარებენ ერთი და იგივე შინაარსის პოსტებს, რომ მათ „სურთ გამჭვირვალობა“. მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები გამჭვირვალობას ითხოვენ იმ ორგანიზაციებისაგან, რომლებიც ისედაც გამჭვირვალეები არიან, თავად კი ხშირ შემთხვევაში საჯარო ინფორმაციას არ გასცემენ.

ამავე თემაზე: 
მარნეულის მერია რუსული კანონით მედიას და არასამთავრობოებს გამჭვირვალობას სთხოვს თავად კი ინფორმაციას არ გასცემს


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები