კორონავირუსი მარნეულის სასწრაფოს კიდევ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა
დღეს, 8 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტში ჩატარებული 370 ტესტის პასუხი გახდა ცნობილი.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა განაცხადა, რომ 370 ტესტიდან დადებითი პასუხი მხოლოდ ერთ შემთხვევაზე მიიღეს.

„მხოლოდ ერთ ადამიანს დაუდგინდა კორონავირუსი, რომელიც მარნეულის სასწრაფო-სამედიცინო დაწესებულების კლასტერიდანაა. ის იყო თვითიზოლაციაში და არ ჰქონა ადამიანებთან კონტაქტი“ - განაცხადა ზაურ დარგალმა

მარნეულის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის 8 თანამშრომელს კორონავირუსი 2 მაისს დაუდგინდა. სასწრაფოს თანამშრომლები კარანტინში არიან გადაყვანილი.

მარნეულის მერის განმარტებით, მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების სულ 23 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 15 უკვე გამოჯანმრთელებულია.

7 მაისს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ 15 თანამშრომელს და ხუთ პაციენტსაც. მათი ტესტირების პასუხები უარყოფითია.

6 მაისს მარნეულში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირების პირველი ეტაპი ჩატარდა. ანალიზები სულ 303 მოქალაქეს აუღეს. მათი ტესტირების პასუხებიც უარყოფითია.

მარნეულის მუნიციპალიტეტი 23 მარტს ჩაიკეტა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და მაშინ ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. მარნეულის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო.

18 მაისიდან მარნეული გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია, 7 მაისს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები