„უსაფრთხოებისთვის ბევრი რამის შეზღუდვა მიწევს“ - პროკურატურამ ბაირამოვა დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართო
მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა საქართველოს პროკურატურის დაცვის სპეციალურ ღონისძიებაშია ჩართული. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მათი დაცვის ქვეშ მყოფ სამირა ბაირამოვას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. ბაირამოვას ადვოკატი ეკატერინე მიდოდაშვილი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ დაცვის სპეციალურ ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარის გაკეთება არ შეუძლია, რადგან პროკურატურამ, ბაირამოვას უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დეტალების გამჟღავნება აუკრძალა.

სამირა ბაირამოვამ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ პროკურატურას დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩასართავად თავად მიმართეს.

„დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ როგოც ჩემთვის ცნობილია, ჯერ კონკრეტულად ის ადამიანები, რომლებიც მემუქრებოდნენ, ჯერ არ არიან დაბარებული დაკითხვაზე და შესაბამისად ეს ჩემთვის სამწუხარო ფაქტია. დაცვის სპეციალური ღონისძიების ფარგლებში კი დაცულად ვგრძნობ თავს, მაგრამ ჩემთვის ეს ნამდვილად ნიშნავს ზედაპირულ ღონისძიებას მანამ, სანამ ის ადამიანები არ იქნებიან დაბარებული დაკითხვაზე და სანამ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყვება ჩემს მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტს. ფაქტობრივად უკვე 20 დღეა გასული, მაგრამ ჯერ ისინი კვლავ არ დაუბარებიათ. სიმართლე გითხრათ, ცოტა რთულია ამ პირობებში ცხოვრება, არაა ადვილი. საკუთარი უსაფრთხოებისთვის ბევრი რამის შეზღუდვა მიწევს, მაგრამ ეს მაინც მოკლევადიანი დროითაა და იმედი მაქვს რომ ამ დროში ყველაფერი სამართლიანად გადაწყდება“. - ამბობს სამირა ბაირამოვა

მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტის განმარტებით, ის პროკურატურის დაცვის სპეციალურ ღონისძიებაში უკვე მეხუთე დღეა რაც ჩაერთო.

სამირა ბაირამოვამ სამართალდამცავ უწყებას 15 მარტს მას შემდეგ მიმართა, რაც „ალტ ინფოს“ ერთ-ერთმა მხარდამჭერმა სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინება გაუგზავნა.

სამირა ბაირამოვას მიერ მარნეულში „ალტ ინფოს“ დაფუძნებული პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გადაღებვის შემდგომ სოციალურ ქსელში აქტივისტის მიმართ მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი კომენტარები კეთდება. სამირა ბაირამოვას რამდენიმე პირმა მუქარის შემცველი წერილებიც გაუგზავნა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამირა ბაირამოვას მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც ნიშნავს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები