არარელიგიურ დღესასწაულზე კომენდანტის მოხსნის მოთხოვნა მთავრობამ განსახილველად რელიგიის სააგენტოს გადაუგზავნა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემის და არასმართავრობი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება, 21 მარტს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე კომენდანტის საათის ერთი დღით მოხსნასთან დაკავშირებით, განსახილველად რელიგიის საკითხთა სააგენტოში გადააგზავნა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას პლატფორმა „სალამის“ გამგეობის ბორდის წევრმა ბანიამინ კასიმოღლიმ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მათი წერილის რელიგიის საკითხთა სააგენტოში გადაგზავნა აზერბაიჯანელი თემის შეურაცხყოფადაც კი შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ნოვრუზ ბაირამი არა რელიგიური, არამედ სახალხო დღესასწაულია.

„გუშინ მივიღეთ პასუხი ადმინისტრაციისაგან რომელშიც აღნიშნულია, რომ ჩვენი განცხადება განსახილველად რელიგიის საკითხთა სააგენტოში გადააგზავნეს. უნდა ითქვას, რომ ჩვენ გაოგნებული დავრჩით ამ გადაწყვეტილებით. ზოგადად საქართველოში არსებობს ესეთი მცდარი აზრი, ნოვრუზ ბაირამი გონიათ რელიგიური დღესასწაული, მაგრამ ეს ასე არაა. ჩენ წერილშიც გვქონდა მითითებული, რომ ნორვუზ ბაირამი სახალხო დღესასწაულია. არ ვიცი იქ ვინ როგორ წაიკითხა, მაგრამ ჩვენი განცხადება რელიგიის საკითხთა სააგენტოს გადაუგზავნეს განსახილველად“.

ბანიამინ კასუმოღლუს თქმით, მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ხელისუფლების არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს. ამბობს, რომ განცხადებაზე შუალედური პასუხის მიღების შემდგომ იმიედი, რომ მთავრობა 21 მარტს კომენდანტის საათს ერთი დღით მოხსნის, ნაწილობრივ გადაეწურა, რადგან ამ გადაწყვეტილების მიღება რელიგიის საკითხთა სააგენტოს ფუნქციებში არ შედის.

სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე კომენდანტის საათის მოხსნის მოთხოვნით საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 12 მარტს მიმართეს.

12 მარტს, თემის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც საკუთარი მოთხოვნა კიდევ ერთხელ გააჟღერეს და ნოვრუზ ბაირამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემი ნოვრუზის დღესასწაულის უქმე დღედ გამოცხადებისთვის ადვოკატირების კამპანიებს აწარმოებს.

"ნოვრუზი" – სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი "ნოვ"- ახალს, ხოლო მეორე - "რუზ" დღეს ნიშნავს. ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასაწაულია.

2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად შეიტანეს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. 2010 წელს, ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები