აღდგომას მარნეულის სასაფლაოების დაკეტვა ჯერ არ განიხილება - ზაურ დარგალი
სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით მარნეულში სასაფლაოების გადაკეტვა მერიაში არ განიხილება.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტში სასაფლაოები არ გადაიკეტება, საკარანტინო წესების დარღვევისთვის მოსახლეობა მაინც დაჯარიმდება.

„ამ ეტაპისთვის მარნეულის სასაფლაოების ჩაკეტვა არ განიხილება. იქ (სასაფლაოებზე) პროცესი გაკონტროლდება და საჭიროების შემთხვევაში ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობასაც მოვითხოვთ“ - განაცხადა ზაურ დარგალმა

მარნეულის მერი არ აკონკრეტებს, თუ რა შემთხვევაში გახდება საჭირო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობა. ამბობს, რომ სამართალდამცავები საკარანტინო წესების დარღვევის ყველა ფაქტზე მოახდენენ სათანადო რეაგირებას.

„მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ დარჩნენ სახლში. შეასრულონ ყველა ის რეკომენდაციები, რომლებიც შესაბამისი უწყებების მიერაა გაცემული და თავი აარიდონ ვირუსის გავრცელებას“ - გვითხრა ზაურ დარგალმა

აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები დაიკეტება. ამის შესახებ On.ge-ს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განუცხადეს. მათი ცნობით, დაიკეტება ყველა სასაფლაო, მათ შორის, 13 ქუთაისში და 3 ზესტაფონში.

საქართველოს მთავრობამ მარნუელის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 23 მარტს გამოაცხადა. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. დაიხურა ყველა სახის ბიზნეს ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები