რა გეგმები აქვთ მარნეულის მაჟორიტარ კანდიდატებს შშმ პირების პრობლემების მოსაგვარებლად
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 11 დღეა დარჩენილი. რადიო „მარნეულმა“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატებს ერთი კითხვით მიმართა, რას აპირებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის.

ჩვენ მარნეულისა და გარდაბნის 14 მაჟორიტარი კანდიდატიდან ექვსის ჩაწერა მოვახერხეთ. მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატი ზაურ დარგალი ჩვენს ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას კანდიდატების უმრავლესობა ამბობს, რომ შშმ პირების მთავარ გამოწვევას ინფრასტრუქტურა, სამუშაო ადგილების არარსებობა და განათლებაზე ხელმისაწვდომობა წარმოადგენს.


პარტია „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატი ახმედ იმამკულიევი

„ჩვენ ვიცნობთ ყველა ამ პრობლემას რომელიც შშმ პირებს ეხება. პირველ რიგში იქედან დავიწყებ, რომ შშმ პირებს გადაადგილების შეზღუდვა აქვთ, ეს არის ძალიან ცუდი და დიდი პრობლემა, რადგან ჩვენ შშმ პირებს უნდა მივცეთ საშუალება და მხარი დავუჭიროთ, რათა ისინი ადაპტირებული იყვნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამისათვის პირველ რიგში საჭიროა შშმ პირებისათვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, რომელიც სამწუხაროდ მარნეულის მუნიციპალიტეტში ნოლის ტოლფასია. ჩვენ ვხედავთ ფასადურ ქმედებებს, რომლებიც ბოლო წლებში მიმდინარეობს, მაგალითად „კულტურის ცენტრში“ ვხედავთ პანდუსს, მერიაში, მაგრამ იმის შემდეგ რა ხდება? მერიაში შეიძლება ადამიანი შემოვიდეს პირველ სართულამდე, მაგრამ შშმ პირს, რომელსაც სურს გაესაუბროს მერს ან საკრებულოს თავმჯდომარეს, არ აქვს შესაძლებლობა, რომ თავისით მივიდეს მათ კაბინეტამდე“


პარტია „დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა - ქდმ”-ს მაჟორიტარობის კანდიდატი აშოტ მურადიანი

„პირველ რიგში ინფრასტრუქტურული ცვლილებები უნდა მოვახდინოთ. ასევე, დასაქმების მხრივაც, ადამიანები ნამდვილად უნდა დასაქმდნენ და არა ვითომ გახსნილ ქარხანაში იყვნენ ჩაწერილები. ჩვენი პარტია აპირებს სამართლიან ბრძოლას ამ ხელისუფლებასთან რათა დაავალოს მას რომ შეასრულოს თავისივე დანაპირებები“


საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია”-ს მაჟორიტარი კანდიდატი აზერ სულეიმანოვი

„ეს ადამიანებიც ჩვენი მოქალაქეები არიან, მაგრამ სამწუხაროდ რვა წლის განმავლობაში ისინი დარჩნენ ყურადღების გარეშე. ამ ადამიანებს და მათ ოჯახებს ლუკმა პურის შოვნის საშუალება არ აქვთ, სწორედ ამიტომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტია მათთვის შესაბამისი დახმარების გაწევა. სპეციალური პაკეტები იქნება შშმ პირების ოჯახებისათვის. სამწუხაროდ, რვა წლის განმავლობაში „ოცნების“ მთავრობამ ამ ადამიანებისათვის არაფერი გააკეთა. სწორედ ამიტომ, ჩვენს პროგრამაშიც და გეგმაშიც არის გაწერილი ამ ადამიანებისათვის დახმარებები“


შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარი კანდიდატი ალი ბადიროვი

„ძალიან მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებები გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი პარტიის ხედვაში, პროგრამაში და მითუმეტეს როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ ეს უნდა განვახორციელოთ და არ უნდა იყოს ფუჭი დაპირება, ისე როგორც ბევრ პოლიტიკურ პარტიას უყვარს. „ლეიბორისტული“ პარტია ისეთი პარტიაა, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლამდეც ძალიან ბევრი რეფორმა აქვს განხორციელებული. მნიშვნელოვანია, რომ შშმ პირებისათვის ნებისმიერ დაწესებულებაში იყოს სპეციალური გზა მათთვის გათვალისწინებული. მნიშვნელოვანია, რომ მათი დასაქმება იყოს რეალური, რადგან ბევრგან არ იყვანენ მათ სამსახურში, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო დონეზე გაიწეროს გარკვეული რეფორმა, რათა მათი დასაქმება კერძო სტრუქტურებშიც იყოს შესაძლებელი. ან სავალდებულო უნდა გავხადოთ შშმ პირების დასაქმება ან უნდა წავახალისოთ კომპანიები, რათა მეტი შშმ პირი დასაქმდეს. მგზავრობა მათთვის უნდა იყოს უფასო და სწავლის მხრივაც დიდი პრობლემა აქვთ უნდა არსებობდეს სპეციალური სერვისები, რათა შშმ პირებმა შეუფერხებლად მიიღონ განათლება“


პარტია „ლევან ჩაჩუა, გურამ ფალავანდიშვილი - ქართული იდეა“-ს მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატი ოლეგი დევაძე

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მე როგორც ვიცი, არიან მარნეულში, მაგრამ ძალიან იშვიათია ისეთი შემთხვევა, როდესაც ისინი მუშაობენ და არიან დასაქმებულები. ეს ადამიანები უნდა გამოვიყვანოთ ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ისე როგორც ვცხოვრობთ თითოეული ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს სამსახურებრივი თუ სხვა სახის ღონისძიება“


პარტია „ლელო - მამუკა ხაზარაძე“-ს მაჟორიტარობის კანდიდატი მურად მურადოვი

„გვქონდა რამდენიმე შშმ პირთან ინდივიდუალური შეხვედრა როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტში. მინდა გითხრათ, რომ არც გარდაბანში და არც მარნეულში ჩვენ არ გვაქვს იმის ინფრასტრუქტურა, რომელის მეშვეობითაც ამ ჯგუფებს სამოქალაქო საზოგადოებაში აქტიურად ჩართვა შეეძლებათ. რაც შეეხება ჩვენი პარტიის გეგმებს შშმ პირებთან დაკავშირებით, ჩვენს გეგმაში გვაქვს გაწერილი, რომ როგორც შშმ პირები ასევე მათი ოჯახის წევრები 1 500 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში განთავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისგან. ეს მისცემს მათ საშუალებას, რომ დამატებითი რესურსები მოიძიონ და დამატებითი რესურსები ჰქონდეთ თავიანთი თავისთვის დასახარჯი“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები