მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ და „ავერსის“ კოვიდკლინიკებად გადაკეთების საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას
მარნეულის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს არ მკურნალობენ. ინფექციის გამოვლენისთანავე პაციენტების ჰოსპიტალიზება სხვადასხვა კლინიკებსა თუ სასტუმროებში ხდება. COVID-19-ის შემთხვევები ქვეყანაში ყოველდღიურად მატულობს.

რადიო „მარნეული“ დაინტერესდა საჭიროების შემთხხვევაში აქვს თუ არ მუნიციპალიტეტში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს ინფიცირებულების მკურნალობის შესაძლებლობა და შესაბამისი რესურსი. როგორც მარნეულის „ავერსის“ კლინიკის მენეჯერმა, მანანა კაპანაძემ გვითხრა, ამ ეტაპზე, კლინიკა მრავალპროფილურ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას.

„მოცემულ ეტაპზე, ჩვენ დიაგნოსტირებას ვახორცილებთ და შემდეგ ხდება რეფერალი კოვიდმიმღებ კლინიკაში. 100 საწოლზე გათვლილია ჩვენი კლინიკა, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით თუ რაიმე იქნება საჭირო, აუცილებლად მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამ ეტაპზე, მრავალპროფილურ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას“ - ამბობს მანანა კაპანაძე

ამავეს ამბობს მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკური დირექტორი ტატა შენგელაია. აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებას რამდენიმე თვე, რაც ცხელების ცენტრის სტატუსი მოეხსნა.

„არა, ეგ საკითხი ჯერ არ დამდგარა. კლინიკას აქვს შესაბამისი რესურსი. ყოველშემთხვევაში ჩვენგან არ არის ინიციატივა, რომ კოვიდკლინიკად გადავკეთდეთ და იმედი მაქვს, რომ არ მოგვიწევს“ - თქვა ტატა შენგელაიამ

არც ადგილობრივი თვითმმართველობა და არც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი რადიო „მარნეულს“არ აწვდის ზუსტ სტატისტიკურ მონაცემებს თუ რამდენი კორონავირუსის შემთხვევაა მარნეულში გამოვლენილი.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო, ამ ეტაპტე, მარნეულის ექვსი სკოლის 19 კლასი სწავლებას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს. COVID-19-ის გამოვლენის გამო დაიხურა სოფელ საიმერლოსა და ქალაქ მარნეულის N3 საბავშვო ბაღიც.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები