სააკაშვილი ემიგრანტებს: „თვის ბოლოსთვის ერთი კვირით მაინც ჩამოდით“
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს, რომ თვის ბოლოს საქართველოში ერთი კვირით მაინც დაბრუნდნენ. ამის შესახებ სააკაშვილი წერილში საუბრობს, რომელიც დღეს, 15 ოქტომბერს, მისმა ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა წაიკითხა.

სააკაშვილის თქმით, ახლა საჭიროა, ყოველდღიური აქციები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართოს.

“მეგობრებო, თანაქალაქელებო, თანამემამულეებო; უსაზღვროდ ვამაყობ თქვენით, თქვენი ნათელი სახეებით, ინტელექტით, ღირსების განცდით, თქვენმა სიტყვებმა და ამხელა თანადგომამ დიდი ენერგია მომცა, მართლა ფრთები შემასხა. რა თქმა უნდა, რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს, რომ არ გამათავისუფლოს, მაგრამ ეს მას არ გამოუვა. ამიტომ ახლა საჭიროა ყოველდღიური აქციები სხვადასხვა ფორმით, ყველგან საქართველოში, რადგან ბოლომდე შევძლებ თქვენს დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელი და გარეთ ვიქნები და ამის გაკეთება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ და გარეთ რომ ვიქნები, ერთად სასწაულებს მოვახდენთ, ზუსტად ვიცი”, – წერს სააკაშვილი.

როგორც სააკაშვილი ამბობს, მისი გათავისუფლებისთვის ბრძოლის პარალელურად, არჩევნებში გამარჯვებისთვის უნდა მოემზადონ. მისი თქმით, გუშინდელმა დღემ საბოლოოდ დაარწმუნა არჩევნების მოგებასა და მის გათავისუფლებაში.

“ჩემი გათავისუფლების ტემპი და ზუსტი დრო კი ახლა თქვენს ყოველდღიურ ორგანიზებაზეა დამოკიდებული. მინდა მივმართო ემიგრანტებს; თვის ბოლოსთვის ერთი კვირით მაინც ჩამოდით საქართველოში გადამწყვეტი ბრძოლისთვის. სიტუაცია მომწიფებულია და ახალ მოდუნება დანაშაულის ტოლფასია. გამარჯვება მართლა ხელის გაწვდენაზეა და ამ ჭაობიდან ყველა ერთად ამოვალთ ძალიან მალე. ჩვენ გვჭირდება დამატებით მრავალი ათასი ემიგრანტი, ვიცი, გადაადგილება ბევრ სირთულესთანაა კავშირში, მაგრამ ახლა ეს გადამწყვეტი უპირატესობის მომტანი იქნება ხმების დასაცავად და ჩემს მხარდასაჭერად”, — წერს მიხეილ სააკაშვილი.

14 ოქტომბერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ათიათასობით ადამიანმა დემონსტრაცია გამართა თბილისში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია