მარნეულის მერიის მიერ „რუსთავწყლისგან“ 593 600 ლარად შეძენილი წყლის 80% ფუჭად დაიღვარა
მარნეულის მუნიციპალიტეტის შპს „მარნეულის სოფწყალმა“ 2019-20 წლებში შპს „რუსთავწყლისაგან“ 593 600 ლარის ღირებულების წყალი შეისყიდა, რომლის 80%-იც, დაზიანებული და ავარიული მილების გამო, ფუჭად დაიღვარა.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, „მარნეულის სოფწყალს“ „რუსთავწყალთან“ ხელშეკრულება 2018 წლიდან ჰქონდა გაფორმებული, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის 14 სოფელი სასმელი წყლით უნდა მომარაგებულიყო. ხელშეკრულების მიხედვით, შპს „რუსთავწყალი“ მარნეულის მუნიციპალიტეტს აწვდიდა მის საკუთრებაში არსებული ჭაბურღილებიდან მოპოვებულ წყალს და იჯარით გადასცემდა მილსადენებს.

„საკითხის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ მაგისტრალური მილმდენი (ხაზოვანი ნაგებობა) და სოფლების შიდა გამანაწილებელი ქსელები, რომლებითაც მოსახლეობას მიეწოდებოდა სასმელი წყალი, ამორტიზებული იყო, ასევე, ხშირად ხდებოდა ავარიული დაზიანებები და იღვრებოდა წყალი, რომლის დანაკარგმაც 2019-2020 წლებში შეადგინა დაახლოებით 80%. ამასთანავე, შპს „მარნეულის სოფწყალი“ შეძენილი წყლის საფასურს შპს „რუსთავწყალს“ სრულად უხდის სათავო მრიცხველის შესაბამისად, ხოლო დაზიანებების გამო მოსახლეობას აწვდის შეძენილი წყლის მხოლოდ 20%-ს. აღსანიშნავია, რომ ამ გარემოების შესახებ აღნიშნული იყო წინა აუდიტის ანგარიშშიც. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის ბოლოსთვის უზრუნველყო ზემოაღნიშნული მილმდენის ნაწილობრივი (6000 მ) შეცვლა. შედეგად, წყლის დანაკარგი შემცირდა 80-დან 70%-მდე“. - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში

აუდიტის სამსახურმა მარნეულის მუნიციპალიტეტში წყლის სისტემის ზოგადი მდგომარეობა შეისწავლა. მარნეულის მუნიციპალიტეტში სულ ორი წყალმომარაგების კომპანია მუშაობს. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ სასმელ წყალს ქალაქ მარნეულს, სოფელ საიმერლოს, ნორგიულს, საბირკენდსა და ყიზილაჯლოს აწვდის. მარნეულის 54 სოფელს მუნიციპალური შპს „მარნეულის სოფწყალი“ უზრუნველყოფს, ხოლო 19 სოფელში მოსახლეობისათვის წყლის სისტემები მოწყობილი არაა, ამ სოფლებში ძირითადად ჭაბურღილები ფუნქციონირებს და მოსახლეობა იქიდან იღებს წყალს.

აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, მარნეულის მერიამ 2019-2020 წლებში წყლის მომარაგების სისტემების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე 7 517 000 ლარი დახარჯა, მაგრამ განხორციელებული სამუშაოები არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს სასმელ წყალზე მოსახლეობის ნაწილის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

„აუდიტის მიმდინარეობის პერიოდისთვის, მუნიციპალიტეტში მცხოვრები 20,436 ოჯახიდან, მუდმივი წყლით სარგებლობს მხოლოდ 1,040 ოჯახი, გრაფიკით მიეწოდება წყალი 13,037 ოჯახს, შეფერხებით − 4,016 ოჯახს, ხოლო 2,343 ოჯახის წყალმომარაგებას მუნიციპალიტეტი საერთოდ არ ემსახურება“.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილში წყლის გამწმენდი ნაგებობები მოწყობილი არაა. როგორც აუდიტის სამსახური წერს, პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ასეთ შემთხვევებში, წყალი რეზერვუარებში იქლორება და შემდეგ მიეწოდება მოსახლეობას.

„თუმცა, მერიის მიერ 2019-2021 წლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის 39 სოფელში ჩატარებული, წყლის ხარისხის შესახებ, ლაბორატორიული კვლევების შედეგების მიხედვით, 33 სოფელში სასმელი წყლის ხარისხი არ შეესაბამებოდა ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მაჩვენებლებს. ასევე, მუნიციპალიტეტის 14 საბავშვო ბაღში ჩატარებული კვლევიდან 7-ში გამოვლინდა ნორმიდან გადახრა. მიუხედავად ამისა, პრობლემის მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტს არ ჰქონდა გატარებული შესაბამისი ღონისძიებები“. - აღნიშნულია აუდიტის სამსახურის დასკვნაში

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მარნეულის მერიას მოუწოდებს საკრებულოსთან შეთანხმებით დაგეგმოს და განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებები რომლებიც გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს წყალმომარაგების მოწესრიგებისა და წყლის ხარისხის გაუმჯობესებას.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები