რატომ გადავიდა საქართველო რუსულ ნავთობზე?
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გასაჯაროებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ სექტემბერში საქართველომ 149 მილიონი დოლარის ნავთობი შეიძინა, აქედან 94 მილიონი დოლარი, ანუ საერთო მოცულობის 63% რუსულ საწვავზე მოდის. შედარებისთვის, წლის დასაწყისში რუსული ნავთობის წილი იმპორტის საერთო მოცულობაში 16% იყო.

საგულისხმოა, რომ წარსულში ნავთობის უდიდეს ნაწილს საქართველო რუმინეთიდან და ბულგარეთიდან ყიდულობდა, თუმცა წელს ვითარება დრამატულად შეიცვალა.

რუსულ ნავთობზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა მარტივი მიზეზითაა განპირობებული - ის ამჟამად საერთაშორისო ბირჟაზე ყველაზე იაფად ივაჭრება.

საქმე ისაა, რომ ბირჟაზე რუსული Urals-ის მარკის ნავთობი Brent-თან შედარებით თითქმის 25%-ით იაფად ივაჭრება. ამჟამინდელი მონაცემებით, ბარელი Brent-ის ფასი 90 დოლარს შეადგენს, WTI Crude-ის ღირებულება 84 დოლარის ფარგლებშია, ხოლო Urals-ის ფასი 70 დოლარია.

ისტორიულ მონაცემებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ Urals-სა და Brent-ს შორის ბარელზე საფასო განსხვავება ტრადიციულად 1-2 დოლარის ფარგლებში იყო, თუმცა ომის დაწყების შემდეგ აღნიშნული დიაპაზონი 25-35 დოლარამდე გაიზარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საერთაშორისო ბირჟაზე რუსული ნავთობი ერთგვარი ფასდაკლებით იყიდება.

მოგეხსენებათ, ენერგეტიკულ ბირჟაზე ფასებს მოთხოვნა-მიწოდების ფაქტორები განსაზღვრავს, ამ შემთხვევაში კი ცვლადი ფაქტორი მოთხოვნაა, რომელიც დასავლეთის მასშტაბით რუსულ ნავთობზე მკვეთრად იკლებს, მიწოდების უცვლელად დატოვების პირობებში კი Urals-ზე ფასი მცირდება.

დასავლეთის მასშტაბით რუსულ ნავთობზე მოთხოვნის შემცირება რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროკავშირის სანქციებია. წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებით, სანქციების რიგით მეექვსე პაკეტით რუსულ ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგო დაწესდა, რომელიც წლის ბოლომდე სრულად შეზღუდავს ტანკერების საშუალებით რუსული ნავთობის იმპორტს, ხოლო 2023 წელს შეზღუდვა მილსადენსა და ნავთობპროდუქტებზეც გავრცელდება.

მართალია, სანქციების აღნიშნული პაკეტი კომპრომისულია, რაც უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის დაჟინებული მოთხოვნითაა განპირობებული, თუმცა ის მაინც უნდა ჩაითვალოს ევროკავშირის არსებობის ისტორიაში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გადადგმულ უდიდეს ნაბიჯად, რომლის სრულმასშტაბიან ეფექტსაც რეალურად რამდენიმე წელიწადში ვიხილავთ.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ რუსული ნავთობი არ არის საერთაშორისოდ სანქცირებული პროდუქტი, რის გამოც ჩინეთში, ინდოეთსა და, მათ შორის, საქართველოში მასზე მოთხოვნა იზრდება.

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები