რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ ქართულ ბაზარზე რუსული ნავთობის და
ნავთობპროდუქტების იმპორტის წილი 70%-მდე გაიზარდა.
კერძოდ, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის
იანვარ-თებერვალში საქართველოში განხორციელდა 162,746 მლნ დოლარის
ღირებულების (204,362 ტონა) ნავთობპროდუქტების იმპორტი, რაშიც რუსული
პროდუქტის წილი სულ რაღაც 14% იყო. შარშან 2 თვეში რუსეთიდან შემოვიდა
23,128 მლნ დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტები (29,739 ტონა).
2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ მსოფლიოში 158,355 მლნ
დოლარის ღირებულების (196,491 ტონა) ნავთობი და ნავთობპროდუქტები
შეიძინა, აქედან რუსეთში 108,575 მლნ დოლარის (149,195 ტონა) ანუ
მთლიანი იმპორტის 68,5%.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Top-5 კომპანიას, რომელმაც 2023 წლის
იანვარ-თებერვალში რუსეთიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ნავთობი და
ნავთოპროდუქტები შემოიტანა: (შენიშვნა: იმპორტიორები არ არის
დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
შპს ლაგუნა - კომპანია 2013 წელს დაფუძნდა. სამეწარმეო რეესტრის ბოლო
ამონაწერის მიხედვით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი არის კახა
კახიანი, დირექტორის პოსტი კი ლევან ხაინდრავას უკავია.
შპს ლუკოილ-ჯორჯია - რეესტრის მიხედვით, კომპანიის 100%-იან წილს
შვეიცარული სააქციო საზოგადოება LITASCO ფლობს. დირექტორი არის
აზერბაიჯანის მოქალაქე ზაურ ჯალილოვი.
შპს პორტალ პეტროლეუმ ჯორჯია - კომპანია 2019 წელს დაფუძნდა. ბოლო
ამონაწერის მიხედვით, მისი 100%-იანი წილის მფლობელია შპს პ3, ამ
უკანასკნელში კი 50-50%-ს ნოდარ და შალვა ხუხაშვილები ფლობენ.
შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია (გალფი) - კომპანიის 100%-იან წილს აშშ-ში
რეგისტრირებული EnergyInvestment Venture Holdings-ი ფლობს. კომპანიის
დირექტორია ქრეიგ სთივენ ქრამერი.
სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია - კომპანია 2000 წელს დაფუძნდა. „ვისოლ
პეტროლიუმ ჯორჯიას“ მართავს სამეთვალყურეო საბჭო. საბჭოს თავმჯდომარეა
სამსონ ფხაკაძე, წევრები არიან - ლევან ფხაკაძე და ნუგზარ
აბრამიშვილი. კომპანიის დირექტორია ვასილ ხორავა.