ბათუმში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ბათუმში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე კოტე ჭილაიამ დღეს, 3 იანვარს მიიღო.

ახალგაზრდა ქალი გუშინ, 2 იანვარს მოკლეს. ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ცოლი ბათუმში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი განზრახ ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულისთვის და მკვლელობის მომენტში იგი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები