ომბუდსმენი მოუწოდებს პარლამენტს უარი თქვან რუსული კანონის ამ ფორმით მიღებაზე
საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და პარლამენტს მოუწოდებს უარი თქვან რუსული კანონის ამ ფორმით მიღებაზე.

ომბუდსმენის თქმით, თუკი მიზანი არის საქართველოსთვის განკუთვნილი საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობისა და მიმღები ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გაზრდა, აღნიშნული მიზნის მიღწევა შესაძლებელია განხორციელდეს წარმოდგენილ კანონპროექტში ან მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით, რაზეც სახალხო დამცველმა საჯარო პოზიცია დეტალურად მიმდინარე წლის 11 აპრილს გააცნო საზოგადოებას.

„სახალხო
დამცველი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ყველა კანონი უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს, ზიანს არ აყენებდეს პარტნიორებთან ურთიერთობებს და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.

როგორც კანონპროექტის სათაური, ასევე პროექტში არსებული არაერთი ჩანაწერი პრობლემურია, რაც კანონის ადრესატებისთვის ღირსების შემლახველი შეიძლება გახდეს. ამასთან, პროექტი მოქალაქეთა შესახებ საკმაოდ დიდი მოცულობის პერსონალური მონაცემების შეგროვების და გასაჯაროების რისკის შემცველია, რაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის საფუძველს ქმნის,“
— აცხადებს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ კანონის პროექტის განხილვა საქართველოს მოქალაქეების თითქმის ერთთვიანი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს:

„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს გამჭვირვალობის მიზნის მიღწევა განხორციელდეს წარმოდგენილ კანონპროექტში ან მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით და უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის ასეთი ფორმით მიღებაზე“ — აცხადებს სახალხო დამცველი.

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები