,,სოლიდარობა უკრაინელ ბავშვებს“-მარნეულის კულტურის ცენტრში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა
დღეს 15 აპრილს, მარნეულის კულტურის ცენტრისა და ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის" მევიოლინეთა ანსამბლ ,,სი-მი"-ს ინიციატივით , კულტურის ცენტრში, საქველმოქმედო კონცერტი: ,,სოლიდარობა უკრაინელ ბავშვებს" გაიმართა, რომელსაც მარნეულელი პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. კულტურის ცენტრის დირექტორის, ნატო შავიშვილის განმარტებით აღნიშნული ანსამბლი, საქველმოქმედო ღონისძიებებს, მთელი საქართველოს მასშტაბით მართავს.

,,იდეა და მიზანი არის ის, რომ თანატოლების მონაწილეობა მოხდეს ამ პროცესში და ეს სოლიდარობა იყოს თანატოლების მხრიდან, იმ ბავშვებისთვის, რომლებიც დღეს ურთულეს გზას გადიან უკრაინაში და ზოგადად, სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. როგორც ჩვენთვის ცნობილია ეს მარათონის სახეს ატარებს. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეს ანსამბლი მთელი საქართველოს მასშტაბით მართავს მსგავსი ტიპის ღონისძიებებს. შემოწირულობისთვის განთავსებულია ყუთი სცენაზე, სადაც ნებისმიერ მსურველს, შეუძლია მხარდაჭერა გამოუცხადოს".-თქვა ნატო შავიშვილმა

ღონისძიებას უკრაინიდან ჩამოსული ოჯახები ესწრებოდნენ. იულია შერბანი რადიო მარნეულთან ამბობს, რომ მადლობელია ასეთი მხარდაჭერისთვის.

,,დიდი მადლობა, რომ დააორგანიზეთ ეს კონცერტი, ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველოში, ხალხი ასე ძლიერად გვიჭერს მხარს. მინდა მადლობა გითხრათ ყველაფრისთვის. უხერხულადაც ვგრძნობ თავს, არც ველოდი ასეთ რამეს".-თქვა იულია შერბანმა

რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში ომის 51-ე დღეა
მთელი ამ დროის განმავლობაში მსოფლიოს ქვეყნიდან და საქართველოდანაც, უკრაინაში დახმარების სახით ჰუმანიტარული დახმარება არაერთხელ გაიგზავნა, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტი რამდენიმეჯერ შეუერთდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები