ჩემპიონატზე გამარჯვებულ ძიუდოისტებს მერია 15000-15000 ლარით წაახალისებს
მარნეულელ სპორტსმენს, ზაზა დავაძესა და სანდრო იაკობაშვილს მერია 15 000 - 15000 ლარს გადასცემს. 20 სექტემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მარნეულის მერმა კენან ომაროვმა თქვა, რომ მერიის ბიუჯეტიდან მსოფლიო ჩემპიონებისათვის ფულადი ჯილდო გამოიყო. 

კონკრეტული თანხის ოდენობის შესახებ ინფორმაცია რადიო "მარნეულის" საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ უთხრა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტიდან 30 000 ლარი გამოიყო და თითო სპორტსმენს 15 000 ლარს გადასცემენ. 

"საამაყო ამბავია ჩვენი რაიონისთვის, ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. მე ვულოცავ მთელ საქართველოს და განსაკუთრებით მარნეულს. მიხარია რომ პირადად ვიყავით ბატონ ამირანთან ერთად ჩვენი სპორტსმენების გვერდით. ვფიქრობ, რომ ეს მომავალი სპორტსმენებისთვის დიდი სტიმულია. ორი მსოფლიო ჩემპიონი გვყავს და მარნეულის"ს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ფულადი ჯილდოც იქნება ჩვენი ჩემპიონებისთვის"  - , თქვა კენან ომაროვმა

"მიმდინარე თვის დასაწყისში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ჭიდაობა-ძიუდოში, სადაც ჩვენი მუნიციპალიტეტის სპორტსკოლის წარმომადგენლებმა მიაღწიეს დიდ გამარჯვებას. პირადად ვესწრებოდით ჩვენ ადგილზე და ვგულშემატკივრობდით. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო თითოეულ მათგანს და ასევე ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა ადამიანს" - , ამბობს ამირან გიორგაძე 

საკრებულოს სხდომას ესწრებოდნენ ზაზა დავაძე და სანდრო იაკობაშვილი, რომლებმაც მერიასა და საკრებულოს მადლობა გადაუხადეს და დაჰპირდნენ რომ მათ მოსწავლეებთან ერთად კიდევ არაერთ წარმატებას მიაღწევენ. 

"მადლობა გვერდში დგომისთვის და სტიმულისთვის. ჩვენი მიზანი იყო, რომ ჩვენი მომავალი თაობისთვის მაგალითები ვყოფილიყავით. ჩვენ არც დაგვიშვია ის მომენტი, რომ წაგვეგო იმიტომ, რომ ამის უფლება არ გვქონდა და ვფიქრობთ, კარგად გავართვით თავი" - ამბობს ზაზა დავაძე

"დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის და დაფასებისათვის. გაძლევთ პირობას, რომ არაერთხელ გაგახარებთ ჩემი მოსწავლეებით და ბევრ წარმატებას მივაღწევთ" - თქვა სანდრო იაკობაშილმა 

აღსანიშნავია, რომ მარნეულელმა სპორტსმენებმა, ზაზა დავაძემ და სანდრო იაკობშვილმა  პოლონეთში,  ქალაქ კრაკოვში, მსოფლიო ჩემპიონატზე, ვეტერან ძიუდოისტთა შორის, წარმატებით იასპარეზეს და ოქროს მედლები მოიპოვეს.

პოლონეთში მსოფლიო ჩემპიონატს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მათ შორის მარნეულის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები