ნანობენ თუ არა სტუდენტები პროფესიის არჩევას
უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მსურველი ახალგაზრდები სხვადასხვა პროფესიას ირჩევენ, მაგრამ არის შემთხევები, როდესაც სწავლის დროს ხვდებიან, რომ ეს პროფესია მათთვის არაა. ამ დროს სტუდენტები ფაკულტეტებს ცვლიან და ხშირ შემთხვევაში ერთ სემესტრსა ან წელსაც კი კარგავენ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ჰუსეინ კოხაევი რადიო „მარნეულს“ უყვება, თუ როგორ აირჩია ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი და რატომ მოუნდა მიმართულების შეცვლა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე გადასვლა.
„მოსამზადებელი, რომ დავასრულე ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის კუთხე ავირჩიე. ეს ჩემი არჩევანი არ იყო, რა თქმა უნდა, ოჯახიც იყო ჩარეული ამ გადაწყვეტილების მიღებაში. მათ მომცეს მიმართულება ამ სფეროში. მაგრამ თავიდან სურვილი მქონდა ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ქიმიის მიმართულება ამერჩია. ბავშვობიდან ამაზე ვოცნებობდი. ეკონომიკის დ აბიზნესის ფაკულტეტზე ჩავაბარე, ერთი სემესტრი ვისწავლე და ადაპტირება ვერ მოვახდინე. ამიტომაც, ფაკულტეტი შევცვალე და ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, ქიმიის მიმართულებით, გავაგრძელე სწავლა. მართლია ეკონომიკის სფეროს ვინც ამთავრებს მათთვის ხელსაყრელია, კარგ ადილებში წარმატებით შეუძლიათ იმუშაონ, მაგრამ მე ვიგრძენი რომ ამ ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელებას ვერ მოვახერხებდი. ადამიანისთვის საკუთარი სურვილი და ოცნება სულ სხვაა. ჩემი სურვილით შევცვალე ფაკულტეტი“, - აცხადებს ჰუსეინ კოხაევი.

ჰუსეინის აზრით, ახალგაზრდებისთვის ხელსაყრელი იქნება ისეთი პროფესიების არჩევა, რომელზეც მოთხოვნა დიდი არაა.

„სკოლის პერიოტიდან ქიმიის ინტერესი მქონდა. სკოლაში ქიმიის საგანს კარგად ვსწავლობდი. პირველ რიგში ამ სფეროსადმი სურვილი მქონდა, მეორე რიგში კი საზოგადოებაში ამ სფეროსადმი მოთხოვნილება დიდია. ამ პროფესიის შესახებ ინფორმაციის მიხედვით ამ სფეროში ცოტა ადამიანი მუშაობს, თითქმის აღარავინ დარჩა სპეციალისტი და ვინც არიან ძირითადად ასაკოვანი თაობის წარმომადგენლები არიან. თუ წარმატებით დავასრულე უნივერსიტეტი, ვფიქრობ მუშაობის დაწყება არ გამიჭიდება“.

კოხაევი აღნიშნავს, რომ სწორი პროფესიის არჩევა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან იმ სფეროში მუშაობა, რომელიც არ გიყვარ რთულია.

„ჩემი აზრით ადამიანი ბავშვობიდან თავს რომელ სფეროშიც ხედავს იმ სფეროში უნდა წავიდეს. ეს პროფესიის არჩევა ან სხვა რამეც შეიძლება იყოს. სწორი პროფესიის არჩევა მხოლოდ იმ ადამიანისთვის კი არა, მთელი საზოგადოებისთვისაა კარგი“.

აღნიშნავს რომ სწორი პროფესიის არჩევა ახალგაზრდებისთვის რთულია, რაშიც სკოლაცაა დამნაშავე.

„სკოლებმა ბოლო კლასებში მოსწავლეებს სწორი პროფესიის არჩევაში უნდა შეუწყონ ხელი, უნივერსიტეტში არსებულ ფაკულტეტებზე ინფორმაცია და რეკომენტაცია უნდა მისცენ. ახალგაზრდებს ჯერ ინფორმაცია უნდა მაიწოდონ რომ მომავალში სწორი ნაბიჯი გადადგან. ახალგაზრდები ამ თემაზე ინფორმაციის გარეშე რჩებიან. ამ პრობლემას ძირითადად სოფელბში ვხვდებით. ფიქრობენ, რომ ყველა სტუდენტმა მედიცინა უნდა აირჩიოს, გოგოები მასწავლებლები უნდა გამოვიდნენ და სხვა. უნივერსიტეტებში მრავალი პროგრამები არსებობს და მათ შეუძლიათ ნებისმიერი პროფესიის დაუფლება“, - ამბობს ჰუსეინ კოხაევი

მე-12 კლასის მოსწავლე სონა ორუჯოვა, რომელიც უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადება, აცხადებს, რომ აბიტურიენტებისაგან განსხვავებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს მოსამზადებელი კურსის განმავლობაში პროფესიის ასარჩევად დრო რჩებათ.

„ჩვენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელბს ქართველი აბიტურიენტებისგან განსხვავებით დამატებით 1 წელი დრო გვაქვს რომ პროფესია ავარჩიოთ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ დროის განმავლობაში უმრავლესობა მაინც ინფორმაციის გარეშე ვირჩევთ პროფესიას. ეს კი ხანდახან იმით მთავრდება რომ ან სამსახურს ვერ ვშოულობთ ან გარკვეული დროის მერე ამ საქმისადმი ინტერესი გვეკარგება. მე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის და კრიმინოლოგიის მიმართულებით, დამატებით კი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპა) სოციალური მეცნიერებების სფეროში ვფიქრობ სწავლის გაგრძელებას. კრიმინოლოგია და სამართალი ჩემი ბავშვობის ოცნებაა, სოციალურ მეცნიერებებზე კი მასწავლებლისაგან ყველაზე მეტი ინფორმაცია მაქვს მიღებული და ჩემი საყვარელი პროფესიაა. ვფიქობ, რომ ამ სფეროებისადმი ინტერესი მცირეა და სამსახურის ძებნაც რთული არ იქნება, არ მექნება სირთულე ამ კუთხით“, - სონა ორუჯოვა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მკვიდრი საბინა ჰუსეინოვა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სამართლის ფაკულეტზე სწავლის დადებითი მხარეა, რომ შრომის ბაზარი ამ მიმართულებით დიდია.

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ვარ. ამ პროფესიის არჩევის მიზეზებიდან ერთ-ერთი ჩემი ისტორიის მასწავებელია. ამ მასწავლებელმა სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა. ის განათლებული იყო და მეც მასსავით მინდოდა სამართლის ფაკულტეტის დამთავრება. ასევე, ამ პროფესიის და მიმართულების არჩევის მიზანი სოფლად მცხოვრები ქალებისა და ბავშვების უფლებების დაცვაა“, - საბინა ჰუსეინოვა

საბინა აბიტურიენტებს ურჩევს, რომ პროფესიის არჩევისას გაითვალისწინონ მათი უნარები და შესაძლებლობები, რათა სწავლის გაგრძელება არ გაუჭირდეთ.

„სწორი პროფესიის არჩევის მნიშვნელობა სინამდვილეში გვიან გავიგე. ვფიქრობდი, რომ სამართალი ჩემთვის არ არის, მაგრამ სამართალი იმიტომ ავირჩიე რომ ბავშვობიდან მასზე ვოცნებობდი. მაგრამ ჩემი ხასიათი, უნარი და ნიჭი არ შეესაბამება სამართალმცოდნეობას. ადამიანებმა პროფესიის არჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ თუ რას შეესაბამება მათი ნიჭი, უნარი და არამხოლოდ ის თუ რაზე ოცნებობენ. სწორი პროფესიის არჩევას ჩვენს ცხოვრებაში დიდი როლი აქვს. ვინც სწორ პროფესიას ვერ აირჩევს ის ბედნიერი ვერ იქნება თავის საქმეებში და წარმატებას ვერ მიაღწევს ან საერთოდ არჩეულ პროფესიას ვერ მიჰყვება. გადავწყვიტე რომ შიდა უნივერსიტეტში პროფესია შევცვალო ან ინგლისური ენა ავარჩიო", - აცხადებს საბინა ჰუსეინოვა

ახალგაზრდების თქმით სწორი პროფესიის არჩევა ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ისინი ფიქრობენ, რომ თუ ადამიანს არ გააჩნია თავისი პროფესიისთვის საჭირო უნარი, ინტერესი, ის ამ სფეროში ვერც განვითარდება და ვერც საზოგადოებას მოუტანს სარგებელს.





Print Email
FaceBook Twitter Google