"აქტუალური თემა"- კაცებს ქალებთან კონსტრუქციული დიალოგი ერიდებათ
ფოტოკამერით, ჩანთითა და გასაღებების აცმით ხელში, გოგონა ლურჯ საღებავაცლილ ჭიშკარს აღებს, მეორე სართულზე ადის და მთელ შენობაში ერთადერთი გარემონტებული ოთახის დალაგებას იწყებს. ცენტრში, რომელიც ძმასთან ერთად 5 თვის წინ დააფუძნა, ბავშვები ამერიკელი მოხალისეების ინგლისურის გაკვეთილზე უნდა მივიდნენ.

25 წლის შოგიკ აკოფიანი წითელსოფელში ღია სივრცის შექმნას ცდილობს, სადაც ბავშვები უცხო ენას ისწავლიან, ქალები კი საკუთარი უფლებების დაცვას. ისტორიის მასწავლებელი მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ სოფელში თანამედროვე, სრულიად განსხვავებულ ისტორიას ქმნის. უნდა, ირგვლივ აქტიურ, მებრძოლ გოგონებს ხედავდეს და ამიტომაც, პატარებისთვის გაკვეთილებს, ლიდერი ქალების ჩამოსაყალიბებლად კი ტრენინგებს, დისკუსიებსა და ღონისძიებებს მართავს. წითელსოფლის ახალგაზრდულ ცენტრში თითოეული გოგოს სტუმრობა უხარია, თუმცა ეს მარტივად არ ხდება. იქ გაშვებისას მშობლები გოგონების უსაფრთხოების გარანტიას ითხოვენ.

"ამ სოფელში ბავშვებს განვითარების სხვანაირი ადგილი არ აქვთ და რა თქმა უნდა, ეს ადგილი ჩემთვისაც და სხვა სოფლის მცხოვრებლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთან უმეტესობა გოგოა, იმიტომ, რომ, ალბათ, მეც რომ გოგო ვარ, ცენტრის ხელმძღვანელი და ძალიან დიდი ინტერესით დადიან ბავშვები"
, - გვიყვება შოგიკი


ცენტრში სტუმრობა არც ქალებისთვის არის მარტივი. მათ გარკვეული დაბრკოლებების გადალახვა და ზოგიერთ ტრადიციაზე უარის თქმა უხდებათ. მუნიციპალიტეტში, სადაც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საკრებულოში არცერთი ქალი არ არის, სტერეოტიპი - „ქალი კუხნაში“ ხალხში მყარად არის გამჯდარი. როცა მარნეულის ახლად არჩეულმა მერმა, თემურ აბაზოვმა მოსახლეობასთან პირველი შეხვედრა გამართა, ქალების არყოფნა მარტივი ფრაზით ახსნა:



„ქალები სადილს ამზადებენ, ალბათ“. შოგიკი სწორედ ამ რეალობის შეცვლას ცდილობს. პრობლემებზე ელაპარაკება და ალაპარაკებს ქალებს, არა მხოლოდ საკუთარ სოფელში. 65 წლის სუსანა ცენტრში პრობლემების გაზიარებით გულს იოხებს. საბავშვო ბაღის არარსებობა, დაბინძურებული სასმელი წყალი, ტალახიანი გზები, ელექტრო ენერგიის გათიშვა ის საკითხებია, რის მოგვარებასაც ითხოვს.

ქალების პრობლემები შოგიკს თვითმმართველობამდე მიაქვს. ადრე ეს შეუძლბელი იყო, დიასახლისებს ამა თუ იმ საკითხზე წუხილის გამოთქმის ეშინოდათ. ვითარება ნელ-ნელა იცვლება. შოგიკი ამას ყველაზე მეტად ქალთა იმიტირებულ საკრებულოს სხდომებზე გრძნობდა, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში, თვეში ორჯერ, მარნეულში ესწრებოდა. ის ფიქრობს, რომ დღეს თვითმმართველობის ცხოვრებაში ქალთა ხელოვნური ჩართვა აუცილებელია, რადგან ჯერ კიდევ ეშინიათ აზრის ხმამაღლა გამოთქმის, ან არ იციან, თუ რა უნდა გააკეთონ საკუთარი თემის პრობლემების მოსაგვარებლად.


იმიტირებულ ქალთა საკრებულოს მთავარი მისია გადაწყეტილებების მიღების პროცესში მანდილოსნების ჩართვა იყო. იმიტირებული და მარნეულის მუნიციპალიტეტის რეალური საკრებულოს ერთობლივი სხდომა გასული წლის 14 დეკემბერს გაიმართა. მიზანი ქალების გააქტიურება და მათი საჭიროებების ადგილობრივ ხელისუფლებამდე მიტანა იყო, თუმცა იმიტირებული სხდომის შემდეგ დეპუტატები არცერთ საკითხს რეალურ სხდომაზე აღარ დაბრუნებიან.
„მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარე ოლგა ენდელაძე, რომელიც პროექტს ხელმძღვანელობდა, ფიქრობს, რომ ქალების ყველაზე დიდი პრობლემა მესიჯის სწორად ჩამოყალიბება და საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაცვაა. ერთწლიანი მუშაობის შედეგად მან ვერ მიაღწია სასურველს: ქალს დახმარება კი არ ეთხოვა კაცისთვის, არამედ პრობლემის მოგვარების საკუთარი ხედავ შეეთავაზებინა.
„პერსპექტივაში, ჩვენ ვფიქრობდით, რომ ამ ქალებიდან შესაძლებელი იყო აღმოგვეჩინა რეალური ლიდერები, რომლებიც აქ მიღებული გამოცდილებით უფრო მეტად იქნებოდნენ ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ასევე ვფიქრობდით, რომ პოლიტიკური სუბიექტები ამ ქალებთან შეხვედრის შემდეგ მათ საკუთარ აქტივობებში ჩართავდნენ, მაგრამ რაც რეალურად აღმოვაჩინეთ იყო, რომ არც პოექტში ჩართული ქალები და არც კაცები ერთმანეთთან კომუნიკაციისათვის მზად არ იყვნენ“, - ოლგა ენელაძემ სწორედ ამ მიზეზების გამო პროექტი აღარ გააგრძელა.
ქალთა იმიტირებული საკრებულოს იდეის ავტორი მომავალში ქალების გააქტირურებას სხვა ხერხებით ეცდება. საჭიროებებზე, რომელსაც ქალთა იმიტირებული საკრებულო განიხილავდა, ახლა მარნეულის საკრებულოში შექმნილი „გენდერული თანასწორობის საბჭო“ იმუშავებს.
გენდერული თანასწორობის საბჭო “ ყველა მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ორგანოში შეიქმნა. საბჭო საკონსულტაციო-სათთბირო ორგანოა, რომლის მიზანი მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვა, გენდერული დისკრიმინაციის გამოვლენა-აღმოფხვრა, გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად რეკომენდაციის შემუშავებაა.
მარნეულში საბჭომ მუშაობა 2018 წლის თებერვალში დაიწყო, მაგრამ ამ დრომდე მხოლოდ სამოქმედო გეგმის დამტკიცება მოახერხეს.

გადაცემის მოსმენა სეგიძლიათ ამ ბმულზე გადასვლით:


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია