წამლობა, რაც ფერმერს 100 000 ლარი დაუჯდა




ყიზილაჯლოელ ფერმერს, ელმინ გახაჯოვს 9 მაისის გახსენება უჭირს.იმ დღეს მის თვალწინ 130 მსხვილფეხა პირუტყვი ერთიანად დაეცა. საქონლის უმეტესობა წუთებში დაიხოცა და სახლში მისულმა 100 000 ლარის ზარალი დათვალა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ათეულობით ძროხა ტკიპის საწინააღმდეგო წამლით დაბანა და მინდორში გაუშვა.



„ნაშუადღევს, 1-2 საათისკენ ვაბანავე ძროხები და გამოვიყვანე. 40 მეტრი ვერც გაიარეს და ყველა მოკვდა, 10 წუთში დაიხოცნენ. მერე ექიმიც მოვიდა. სულ 130 ძროხა იყო. 61 მოკვდა. ორმოცი ჩემი იყო, ორი მეზობლის, თექვსმეტი ბიძის - სამიც მეორე დღეს მოკვდა.“ - ყვება ელმინი

დაზარალებულმა პირუტყვის შესაწამლი პრეპარატი მარნეულის ერთ-ერთ აფთიაქში იყიდა. ამბობს, რომ დოზას ცოტათი გადააჭარბა, თუმცა ასე სხვა შეწამვლის დროსაც მოქცეულა და საქონელს არაფერი მოსვლია. მარნეულის ვეტაფთიაქში, სადაც გახაჯოვმა წამლი შეიძინა, ფერმერს დაუდევრობაში ადანაშაულებენ.

„ბოთლზე აწერია, რომ 10ლიტრ წყალში 15 გრამი უნდა გახსნა. ეს ნორმალური დოზაა. ამისგან არ დაიხოცებოდა ძროხები. 9 წელია, რაც აქ ვმუშაობ, არასდროს ყოფილა ასეთი შემთხვევა. უბრალოდ დოზას გადააჭარბეს. დაბანეს და საძოვარზე გაიყვანეს. დოზის გადაჭარბების გამო მოკვდნენ“, - თქვა ვეტ-აფთიაქის თანამშრომელმა ელმირა მუსტაფაევამ

გახაჯოვის დაუდევრობას არც სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი გამორიცხავს. მირანგულა ლიპარტელიანი ამბობს, რომ პირველადი მოკვლევით ფერმერის მხრიდან, წამლის არასწორი დოზის გამოყენება დასტურდება, თუმცა საბოლოო დასკვნას გამოძიების მხრიდან ელოდება.

„ჩვენ, ვინაიდან მოკვლევა ჩავატარეთ, სხვა მიმართულებებსაც არ გამოვრიცხავთ, მაინც ავიღეთ დაზღვევის მიზნით პათოლოგიური მასალა, რომელიც გადაიგზავნა ლაბორატორიაში. პასუხები უარყოფთი მოვიდა ინფექციურ დაავადებებზე რაზეც ანალიზი ავიღეთ. ამიტომ ჩვენი მხრიდან ინფექციური დაავადები გამოირიცხა. დანარჩენს გმოძიება დაადგენს“, - გვითხრა მირანგულა ლიპარტელიანმა

ლიპარტელიანი გვარწმუნებს, რომ პირუტყვი შესაბამისი ზედამხედველობის ქვეშ განადგურდა და მისი სავაჭრო ბაზარზე მოხვედრა გამორიცხულია.

გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით. შსს-ს განმარტებით, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს.



ყიზლაჯლოში კერძო ვეტერინარი, რომელიც იმავე სოფელში ცხოვრობს, მას შემდეგ გამოიძახეს, რაც საკუთარი ძალებით პირუტყვის გადარჩენა ვერ შეძლეს. ანარ მამიშოვმა 69 ძროხას სიცოცხლე შეუნარჩუნა.


„მოწამლვა იყო ძალიან ძლიერი. ძროხა შეწამვლის შემდეგ 200 მეტრს ვერ გადიოდა და ძირს ეცემოდა. დამირეკეს, მივედი საქონლის გარეცხვა მოვახერხე, 10 ტონიანი ავზი მივიტანე და თითო-თითოდ დავბანე. სოფლის ბიჭები ძალიან დამეხმარნენ და გავაცოცხლეთ რამდენიმე. ხომ შეიძლება დარეკონ, იკითხონ და არ დავიზარებ პასუხის გაცემას“, - გვითხრა მამიშოვმა და მოსახლეობას მოუწოდა, წამლები ვეტერინარის გარეშე არ გამოიყენონ, რათა ასეთი სავალალო შედეგი არ დადგეს.

ფერმერთა ინფორმირებულობაზე ერთ-ერთი პასუხისმგებელი ორგანო სურსათის ეროვნული სააგენტოა. ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი მირანგულა ლიპარტელიანი გვარწმუნებს, რომ მარნეულში ფერმერების არაინფორმირებულობა მინიმუმამდე არის დაყვანილი.

„საბედნიეროდ, მსგავსი შემთხვევები იშვიათია. 5-6 წელია, რაც სურსათის ერონული სააგენტო ახორციელებს განსაკუთრებით საშიშ დაავადებებზე ზედამხედველობას. ჩვენ რეგიონის მასშტაბით 100-ზე მეტი ვეტერინარი და დამხმარე სპეციალისტი გვყავს აყვანილი აღიშნული ღონისძიებების ჩასატარებლად. ესეთი ფაქტები, რაც ცოდნის არქონამ შეიძლება გაოიწვიოს, არის მინიმუმამდე დაყვანილი“,- თქვა მირანგილა ლიპარტელიანმა.

ლიპარტელიანისგან განსხვავებული პოზიცია აქვს “მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარეს რუსუდან გიგაშვილს.

„ფერმერები ცდილობენ თავიანთი არაკომპეტენტური ინფორმაციებით აწარმოონ ყოველდღიური საქმიანობა, რაც ხშირ შემთხვევაში, სავალალოდ მთავრდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ამასთან გვაქვს შეხება, ფერმერმა ვეტერინარის გარეშე პირუტყვის პარაზიტებზე დაამუშავა. ეს არის პრობლემა იმისა, რომ ქვეყანაში არ მიდის ინტენსიური მუშაობა ფერმერთა ცნობიერების ამაღლებაზე“, - განმარტავს ორგანიზაციის “მომავლის ფერმერი“ თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი.

გარდა ინფორმაციული ვაკუუმისა, გიგაშვილის თქმით, კადრების დეფიციტის პრობლემაც გვაქვს. თუმცა ფერმერების გააქტიურებაც მნიშვნელოვანია.

„ის ვეტერინარი , რომელიც იმ სოფელში ცხოვრობს, სადაც პირუტყვის მასიური დაცემა მოხდა, ის არ არის სახელმწიფო ვეტერინარი. ის არის კერძო ვეტერინარი და კერძო ვეტერინარის პრეროგატივა არ არის მუდმივად აწუხოს ფერმერი და ჩააყენოს საქმის კურსში სახელმწიფო პროგრამემის შესახებ“, - თქვა რუსუდან გიგაშვიმა.

მარნეულში მოსახლეობის უმეტესობა ფერმერულ მეურნეობას ეწევა. ერთადერთი გამოსავალი, რამაც ფერმერების თვითნებური ჩარევით გამოწვეული სავალალო შედეგები უნდა შეამციროს, აქტიური საინფორმაციო კამპანიების ჩატარეებაა. ამასთან ერთად, ექსპერტის აზრით, ძლიან დიდ პრობლემას სახელმწიფო ვეტერინარების დეფიციტი წარმოადგენს, რომელთა უშუალო ვალდებულებაა ფერმერს სახელმწიფო სერვისებზე ინფორმაცია აცნობოს. მნიშვნელოვნად გასაძლიერებელია კერძო ვეტერინარების ინსტიტუტი, რათა მხოლოდ სახელმწიფოს დაქვემდებარების ქვეშ მყოფ ვეტერინარების იმედად არ ვიყოთ. ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, რიგი ცვლილებების გატარება საქართველოში ფერმერული და ვეტერინარული მიმართულების კუთხით 2020 წლისთვის იგეგმება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები