სეიდ მირთაგი ასადოვი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს
სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი სეიდ მირთაგი ასადოვი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ასადოვი სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებას მის საქმიანობას უკავშირებს.

„დღეს, 17:00 საათზე უნდოდათ, რომ მათთან დაკითხვაზე მივსულიყავი, მაგრამ ჩემ იურისტთან კონსულტაციის შემდეგ გამოკითხვა ექვსი ივნისის 12:00 საათისთვის გადაიდო. ჩემი სუს-ში დაბარების მიზეზი ბოლო პერიოდში ჩემ სამოქალაქო და რელიგიურ საქმიანობას შესაძლოა უკავშირდებოდეს. ბოლო პერიოდში რეგიონში განვითარებული მოვლენების დროს ჩვენ ხალხის გვერდით ვიდექით და ვამბობთ, რომ ჩვენ არეულობის მომხრეები არ ვართ და სიმშვიდე გვჭირდება. გვჭირდება ერთიანობა და ეს მიწა ყველას ეკუთვნის“ - ამბობს სეიდ მირთაგი ასადოვი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე უკვე იყო მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი და უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა.

ბაირამოვას განცხადებით, გამოკითხვა სუს-ის მიერ რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება.

„ორშაბათს დამიბარეს დაკითხვაზე მოწმის სტატუსით და გუშინ, 3 ივნისს, ვიყავი დაკითხვაზე. საღამოს რვა საათზე მივედი და ჩემი დაკითხვა დაახლოებით ორსაათნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა. სუს-ის განცხადება ძირითადად მარნეულში განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ დაკითხვის შინაარსსა და კითხვებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მიხედვით გამოძიების დასრულებამდე ამ საკითხზე საუბარი აკრძალულია“ - ამბობს სამირა ბაირამოვა

ბაირამოვა ფიქრობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაგვიანებით დაიწყო, რადგან მათი განცხადება 30 მაისს გავრცელდა მარნეულში კი ნარიმან ნარიმანოვის საკითხზე პროცესი ერთი კვირით ადრე დაიწყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა გამოძიება რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით დაიწყო. ინფორმაცია სუს-ის ფეისბუქ გვერდზე 30 მაისს გავრცელდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ დეპარტამენტი ფლობს ოპერატიულ ინფორმაციას, რომ საქართველოში არსებობენ ჯგუფები და მოქალაქეები, რომლებიც ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ.

"აღნიშნული პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას. კერძოდ აღნიშნული პირები, იჭრებიან რა სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით".

ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა ინფორმაცია მარნეულის მერის, ზაურ დარგალის სუს-ში დაბარების შესახებ. დეტალები უცნობია, ზაურ დარგალი ამ საკითხზე არ საუბრობს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები