საახალწლო სამზადისისთვის მარნეულის მერიამ 404 321 ლარის გამარტივებული შესყიდვები განახორციელა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა საახალწლო ნაძვის ხის შესყიდვას გამარტივებული წესით გეგმავს. 7 დეკემბერს უარყოფითი შედეგით დასრულდა ელექტრონული ტენდერი, რომლის მიხედვითაც მარნეულის მერია საახალწლო-საშობაო ნაძვის ხის შესყიდვას გეგმავდა. მერიის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ვინაიდან ნაძვის ხის შესაძენად ახალი ტენდერის გამოცხადება დიდ დროსთანაა დაკავშირებული, თვითმმართველობა მის შეძენას გამარტივებული წესით აპირებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობას საახალწლო ნაძვის ხის შესაძენად 70 800
ლარი აქვს გამოყოფილი.

რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიაში განუცხადეს, რომ საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონია მარნეულში 20 დეკემბერს გაიმართება. ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე გაიმართება კონცერტიც.

მარნეულის მერია მასშტაბური საახალწლო ღონისძიების გამართვას გეგმავს 30 დეკემბერს, რისთვისაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ 136 421 ლარი გამოყო. აღნიშნული კონცერტის მომსახურების შესყიდვას თვითმმართველობა ასევე გამარტივებული წესით აპირებს. გამარტივებული წესით შეისყიდა მერიამ საახალწლოდ ქუჩების ილუმინაციებით მორთვის სამუშაოებიც, რაშიც 197 100 ლარი დაიხარჯება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები