პლატფორმა "სალამის" კითხვებს ბიუჯეტის განხილვისას შელაპარაკება მოჰყვა
21 დეკემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის მეორე საჯარო განხილვა გაიმართა.

სხდომა საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ გახსნა და ბიუჯეტის განხილვა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა კობა ჩხიტუნიძემ გააგრძელა. როგორც მან განმარტა 2024 წლის ბიუჯეტი ამ ეტაპზე 55 255 000 ლარითაა განსაზღვრული, თუმცა თანხა ბიუჯეტის საბოლოო მიღებამდე კიდევ გაიზრდება.

კობა ჩხიტუნიძის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ დამსწრეებს მიეცათ შესაძლებლობა კითხვები
დაესვათ. კითხვა დასვა პლატფორმა სალამის წევრმა აიჰან ჰასანლიმ, რომელიც შეეცადა პასუხები მიეღო ისეთ საკითხებზე როგორიცაა მერიაში თარგმნის სერვისის შექმნა და ეთნიკური უმცირესობებთან გასაგებ ენაზე კომუნიკაცია. აიჰანის კითხვამ გააღიზიანა მერიის რამდენიმე თანამშრომელი, რასაც ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა.

„რა ამბავში ხარ, რას დემაგოგობ“ - ისმოდა რეპლიკა აიჰანის მისამართით.

აიჰანის გამოსვლამ გააღიზიანა საკრებულოს თავმჯდომარე და თქვა:

„თქვენ რა გაღიზიანებული საუბრობთ, დაჯექით და მოისმინეთ. კითხვა თუ გაინტერესებთ პასუხს გცემთ. მე ვფიქრობ, ეს ცოტა პროვოკაციული კითხვა იყო. თარგმანს რაც შეეხება, მე არ მინახავს მოქალაქე მოსულიყოს და პრეტენზიით წასულიყოს, რომ მიუხედავად იმისა არ იცის სახელმწიფო ენა, ან ვინმეს ვერ გააგებინა, ან რამე ვერ გაიგო. არიან თანამშრომლები ვინც უთარგმნიან ქართულად. სპეციალურად შევქმენით სერვისი კანცელარიაში სადაც რამდენიმე ენაზეა შესაძლებელი ინფორმაციის მიღება“ - ამბობს ამირან გიორგაძე.

ბიუჯეტის განხილვის დასასრულს ამირან გიორგაძემ სიტყვით მიმართა დამსწრეებს და ბოდიში მოუხადა ემოციური გამოსვლისათვის.

„მე მინდა ბოდიში მოვიხადო ემოციისთვის და თქვენც უნდა იცოდეთ როცა კითხვას სვამთ, ჯერ უნდა მოუსმინოთ პასუხს და მერე კიდევ, კითხვის დასმის ფორმასაც აქვს ფორმები. ბოდიშს ვუხდი ჩვენს მოსახლეობას ემოციებისათვის კიდევ ერთხელ“ -თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ
აიჰან ჰასანლი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია რატომ გახდა მისი შეკითხვა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისათვის გამაღიზიანებელი.

„ჩვენ გვაინტერესებდა რამდენიმე საკითხი, ვინაიდან წინა საჯარო განხილვაზეც ვერ მივიღეთ რამდენიმე კითხვაზე პასუხი. ეს იყო მთარგმნელობითი სერვისის საკითხი, პრიორიტეტების დადგენის საკითხი. კიდევ იმაზე იყო შეკითხვა რაში მდგომარეობდა მთარგმნელობითი სერვისი. ამასთან დაკავშირებით გაუგებრობაც მოხდა, ჩვენ ვერც გავიგეთ რატომ იყო ეს შეკითხვა მათთვის გასაღიზიანებელი. ჩვენი მიდგომაა ვითანამშრომლოთ ნებისმიერ მუნიციპალიტეტთან, თუმცა ხშირ შემთხვევაში მათი მხრიდან არ არის აღნიშნული ინიციატივის მიმართ მიმღებლობა“ - განმარტავს ჰასანლი.

2024 წლის მარნეულის ბიუჯეტის განხილვა დაახლოებით 40 წუთი მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობას ძირითადად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იღებდნენ. სხდომაზე კითხვა არ დაუსვამს პლატფორმა სალამის გარდა არავის. ინიციატივით კი მარნეულის გენდერული თანასწორბის საბჭოს წარმომადგენელი ია ესებუა გამოვიდა. 

მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე 25 დეკემბერს გავა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები