ძაღლის მკვლელობაში ბრალდებულ მარნეულელს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, მარნეულელ კაცს ბრალი წარუდგინა. სოციალურ ქსელში ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ სცემს ჯოხით კაცი ძაღლს, 8 დეკემბერს გავრცელდა. ვიდეოს გავრცელების შემდგომ ცხოველთა უფლებადამცველებმა მარნეულის პოლიციის განყოფილებასთან აქცია მოაწყვეს, რის შემდეგაც ცხოველზე მოძალადე კაცი დააკავეს.

პროკურატურის განცხადებით, კაცმა დანაშაული 6 დეკემბერს ჩაიდინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს
მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 6 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ბრალდებულმა ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს, რამაც ცხოველის დაღუპვა გამოიწვია.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა“.
- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში

საქართველოს პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

„საქართველოს პროკურატურა ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს. ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე პროკურატურის ინიციატივით მომზადდა სისხლის სამართლოს კოდექსის 259-ე მუხლში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლის საფუძველზეც ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე სასჯელი გამკაცრდა“. - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები