მარნეულში პარტია „ლელოს“ ახალი ოფისი გაიხსნა
დღეს, 18 იანვარს, მარნეულში პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ახალი ოფისი გაიხსნა. ოფისის გახსნას ესწრებოდნენ პარტიის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი მხარდამჭერები.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მარნეულის ოფისს აგილ მუსტაფაევი უხელმძღვანელებს. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მუსტაფაევი აცხადებს, რომ „ლელოში“ გაწევრიანება ოპოზიციის გაძლიერების მიზნით გადაწყვიტა.

„ყველამ ვიცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში არა მარტო მარნეულში, არამედ ჩვენს რეგიონში ოპოზიცია ძალიან სუსტია, რადგან ხალხი უკვე
არსებული ოპოზიციური პარტიების მომხრეები აღარ არიან. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ახალი ძალით და ახალ გუნდთან ერთად გავხსნათ მარნეულის ოფისი. „ლელოს“ ოფისი იქნება მოქმედი ოფისი და ხალხთან ერთად იქნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ რეგიონში ძალიან მაგარ შედეგს დავდებთ და ხალხთან ერთად, მარნეულელებთან ერთად, ქვემო ქართლში მცხოვრებ ადამიანებთან ერთად ძალიან ბევრ რაღაცას გავაკეთებთ“.
- განაცხადა აგილ მუსტაფაევმა
@marneulifm96_9

მარნეულში პარტია "ლელოს" ახალი ოფისი გაიხსნა #ლელო #მარნეული

♬ original sound - რადიო "მარნეული"

აღსანიშნავია, რომ აგილ მუსტაფაევი ბოლო ორი წლის განმავლობაში პოლიტიკაში აქტიურად აღარ იყო ჩართული, მანამდე კი ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო.

„როგორც იცით, ბოლო ორი წლის განმავლობაში არ ვიყავი არც ერთი პარტიის წევრი. რაც შეეხება „ლელოში“ გაწევრიანებას, მე ვხედავდი სხვადასხვა პარტიების მოქმედებებს, სხვადასხვა პარტიების პროგრამებს და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადაწყვეტილება მივიღე, რომ ლელო არის ის პარტია სადაც მე შემიძლია უფრო მეტი ბრძოლა გამოვაჩინო ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. ლელო არის დაფუძნებული ევროპული ღირებულებებით და ამიტომაც, ჩემთვისაც მთავარი იყო ევროპულ მხარეს ყოფნა. ჩვენ ახალ ძალასთან, ახალ და სუფთა ხალხთან ერთად უფრო მეტი შეგვიძლია გავაკეთოთ“. - განაცხადა აგილ მუსტაფაევმა

მარნეულში პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ოფისის გახსნას ესწრებოდა პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეც. ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზი გაუსვა მარნეულის მნიშვნელობას საქართველოში ქართული ბაზრის განვითარების მიმართულებით.

„მარნეული გამოირჩევა ძალიან შრომისმოყვარე ადამიანებით, აქ იქმნება საკმაოდ დიდი სოფლის მეურნეობის დოვლათი, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა გახდა მომხმარებელი და ჩვენი ქვეყანა მოიხმარს უფრო მეტს იმპორტირებულს, ვიდრე საკუთარ წარმოებულს. ამიტომ, პირველ რიგში, ამოცანა არის ზუსტად იგივე, რომ შეიცვალოს ხელისუფლება. ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს აქ, რომელიც ამოცანას კარგად შეასრულებს რეგიონში და რაც მთავარია, დიდ სურათში ჩვენ გვინდა რომ ეს რეგიონი გახდეს საკმაოდ სერიოზული საერთაშორისო სტანდარტის მწარმოებელი და ექსპორტზე ორიენტირებული რეგიონი“. - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ
@marneulifm96_9

მამუკა ხაზარაძე მარნეულში "ლელოს" ოფისის გახსნას დაესწრო #მარნეული #ლელო

♬ original sound - რადიო "მარნეული"

„ლელოს“ თავმჯდომარის განმარტებით, საჭიროა მარნეულში ადგილობრივების დახმარება, რათა მუნიციპალიტეტში შეიქმნას საწარმოები და გადამამუშავებელი მრეწველობა, რათა რეგიონი მოსახლეობისაგან არ დაიცალოს.

„რაც მთავარია, ამ ადამიანების ინტეგრირება უნდა მოხდეს, ქართული ენის გაძლიერებული სწავლა უნდა მოხდეს, რომ მათ შეეძლოთ ქვეყნის მართვაში მონაწილეობის მიღება. აქ ხიდი შენდება, მერამდენე წელია კაცმა არ იცის, ეს არის ნეპოტიზმის, გულგრილობის შედეგი. მიტოვებულია რეგიონი და მიტოვებულია საერთოდ ადამიანი საქართველოში. ამას ჩვენ გამოვასწორებთ“. - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პარტია აქტიურად დაიწყებს მუშაობას ქვემო ქართლის რეგიონში და ის ჩავა ყველა მუნიციპალიტეტში, რათა მოსახლეობას შეხვდეს პირადად და მოემზადონ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, რომელიც, როგორც თავად ამბობს, საქართველოს ისტორიაში გადამწყვეტ მომენტს ითამაშებს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები