მერიამ ახალი მანქანის შესაძენად ტენდერი განმეორებით გამოაცხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ერთი მაღალი გამავლობის ავტომობილის შესაძენად ტენდერი განმეორებით გამოაცხადა. მარნეულის მერია უკვე მეორედ ცდილობს ინფრასტრუქტურის სამსახურისათვის ახალი მანქანის შეძენას.

პირველი ტენდერი თვითმმართველობამ 24 ნოემბერს გამოაცხადა. 27 ნოემბერს რადიო „მარნეულის“ მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა დავით ჭიკაძემ განუცხადა, რომ ახალ ავტომობილს მერია ინფრასტრუქტურის სამსახურისათვის ყიდულობდა, რადგან მათ მფლობელობაში არსებული მანქანის ექსპლუატაციის ვადა გავიდა და ახლით ჩანაცვლება გახდა საჭირო.

მერიის მიერ ერთი ერთეული III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილის შესყიდვისათვის გამოცხადებული პირველი ტენდერი არ შედგა, რის გამოც თვითმმართველობამ მეორე ტენდერი 15 დეკემბერს გამოაცხადა.

ადგილობრივი თვითმმართველობა ერთი ერთეული III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილის შესყიდვას კვლავ 57 500 ლარად გეგმავს. ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 22-დან 24 იანვრამდე პერიოდში შეეძლებათ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები