საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის გამოცდები აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეც ჩატარდება
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდები დაიწყო. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, სერტიფიცირების გამოცდები ჩატარდება ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა გამოცდაზე რეგისტრაცია დაინტერესებულ პირებს 17 იანვრიდან 23 იანვრამდე პერიოდში შეეძლებათ. გამოცდაზე რეგისტრაციისათვის შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: https://registration.cec.gov.ge/

„რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ მიმართონ გამოცდის სამდივნოებს, 2024 წლის 17 იანვრიდან 23 იანვრის პერიოდში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, უქმე დღეების და შაბათ - კვირის გარდა (გამოცდის სამდივნოების მისამართები მოცემულია ბმულზე). მოქალაქემ თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი“. - აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში

გამოცდები 29 იანვრიდან დაიწყება და მოქალაქეებს გამოცდების ჩაბარება საქართველოს მასშტაბით გახსნილ 8 საგამოცდო ცენტრში შეეძლებათ. საგამოცდო ცენტრები გაიხსნება მარნეულში, გარდაბანში, ბოლნისში, თეთრიწყაროში, თელავში, ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. მარნეულში საგამოცდო ცენტრი რუსთაველის 69 ნომერში გაიხსნება, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციულ შენობაში.

„გამოცხადებულ სერტიფიცირების გამოცდაზე რეგისტრაცია შესაძლებელია დასრულდეს შესაბამისი ვადების ამოწურვამდე, საგამოცდო ცენტრების მიხედვით გამოცდაზე მისაღებ მონაწილეთა ადგილების რაოდენობის შევსებისთანავე“. - აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში

ცესკოს განცხადების მიხედვით, გამოცდის მიმდინარეობაზე საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოცდაზე დამკვირვებლებად დაიშვებიან აკრედიტებული ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. გამოცდაზე დაკვირვების მსურველ ორგანიზაციებს რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ 17 იანვრიდან 23 იანვრამდე ელექტრონულად ფოსტაზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it განაცხადის გაგზავნით, ან შესაბამის საგამოცდო ცენტრში სამდივნოს მეშვეობით.

„სერტიფიცირების გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით. გამოცდის ხანგრძლივობა 1 საათია. გამოსაცდელისათვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 24 საგამოცდო ტესტი, ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა. სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის ვადით“. - აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში

მარნეულის საგამოცდო ცენტრში გამოცდაში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა 450 ადამიანითაა განსაზღვრული, თელავსი საგამოცდო ცენტრში 120 ადამიანს შეეძლება გამოცდის ჩაბარება, ბოლნისის საგამოცდო ცენტრში 360 ადამიანს, გარდაბნის საგამოცდო ცენტრში 150 ადამიანს, თეთრიწყაროს საგამოცდო ცენტრში 150 ადამიანს, ახალციხის საგამოცდო ცენტრში 80 ადამიანს, ახალქალაქის საგამოცდო ცენტრში 350, ხოლო ნინოწმინდის საგამოცდო ცენტრში 180 ადამიანს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები