2022 წლის 1-ელი იანვრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, დედაქალაქში
პარკირების საფასურის გადაუხდელობის გამო 254 965 ელექტრონული
საჯარიმო ქვითარი გამოიწერა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო
ინფორმაციის პასუხად აცნობეს, 2022 წლის 8 თვეში გამოწერილი საჯარიმო
ქვითრების რაოდენობა, 2021 სრული წლის მაჩვენებელს 88 719-ით
აჭარბებს.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
1252-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია სამართალდარღვევა,
რაც გულისხმობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ
საზღვრებში პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების
პარკირებისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი
ორგანოს მიერ დადგენილი პარკირების საფასურის გადახდის გარეშე
სატრანსპორტო საშუალების დგომას. აღნიშნული მუხლის საფუძველზე, ზონის
მიხედვით დადგენილი პარკირების საფასურის გადაუხდელობის გამო, 2020
წელს შედგენილია - 16 627 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, 2021 წელს
შედგენილია - 166 246 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი და 2022 წლის
1-ელი იანვრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით შედგენილია - 254 965
ელექტრონული საჯარიმო ქვითარი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჯარიმის ოდენობა
შეადგენს 10 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული თანხა
გადაიხდება სახელმწიფო ბიუჯეტში, ამ ნაწილში შპს „თბილისის
სატრანსპორტო კომპანია“ მოკლებულია შესაძლებლობას მოგაწოდოთ თანხების
ოდენობის შესახებ ინფორმაცია“, - ნათქვამია
„ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.