მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია 15 წლით გასხვისდა - მერია არ ასაჯაროებს როგორ შეარჩიეს მოიჯარე
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა არ ასაჯაროვებს ინფორმაციას, თუ რატომ გადაეცა კონკრეტულად თორნიკე რობაქიძეს 15 წლის ვადით 90 კვ.მ მიწის ნაკვეთი მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მარნეულის მერიამ თორნიკე რობაქიძეს მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 90 კვ.მ მიწის ნაკვეთი მცირე კონსტრუქციების შესაქმნელად 12 სექტემბერს გადასცა. მარნეულის საკრებულოს სხდომაზე 12 სექტემბერს ამირან გიორგაძემ განაცხადა, რომ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისების მიზანი
გარე ვაჭრობის შემცირება იყო.


„მოგეხსენებათ, რომ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყველას გვიწევს იქ გავლა, თუ რა მდგომარეობაა. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ სავალი ნაწილის გვერდზე, სადაც არის შესაძლებლობა მუნიციპალიტეტმა იჯარით გასცეს ეს ფართები და რა თქმა უნდა, აქედან იქნება შემოსავალი, როდესაც იჯარას გადაიხდიან. იძულებული ვხდებით, გამომდინარე იქედან რომ ვხედავთ რა მდგომარეობაა“. - განაცხადა ამირან გიორგაძემ 12 სექტემბერს გამართულ საკრბეულოს სხდომაზე

რადიო „მარნეული“ დაინტერესდა, თუ როგორ შეარჩია ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოიჯარედ თორნიკე რობაქიძე. მარნეულის მერიამ ჩვენს კითხვებზე პასუხის გასაცემად წერილობითი მიმართვა გვთხოვა. 20 სექტემბერს მერიას მივწერეთ წერილი, სადაც ვითხოვდით ინფორმაციას მოიჯარის შერჩევის შესახებ, მაგრამ მერაის პასუხი ამ დრომდე არ გაუცია.

„მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოქალაქე თორნიკე როაქიძეს 15 წლის ვადით, პიდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით 90 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადასცა მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. გთხოვთ, მომაწოდეთ ინფორმაცია, როგორ მოხდა თორნიკე რობაქიძის შერჩევა პირდაპირი წესით, იჯარის უფლებით მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის გადასაცემად. გთხოვთ, განმარტეთ, თავად მიმართა მერიას რობაქიძემ აღნიშნული ტერიტორიის იჯარის წესით გადაცემასთან დაკავშირებით. ჰქონდა თუ არა მერიას გამოცხადებული კონკურსი მოიჯარის შესარჩევად და თუ ჰქონდა რა კრიტერიუმებით“. - აღნიშნული მოთხოვნით რადიო „მარნეულმა“ მარნეულის მერიას 20 სექტემბერს მიმართა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობა ვალდებულია საჯარო ინფრმაცია გასცეს დაუყოვნებლივ, ან არაუგვიანეს 10 დღისა იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციის მოძიება სხვა სამთავრობო უწყებებში ან მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ააიპ-ებსა და შპს-ებშია საჭირო. მარნეულის მერიას რადიო „მარნეულისათვის“ საჯარო ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუწოდებია.

მერიამ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და საჯარო ინფოამციის მოთხოვნიდან 68-ე დღესაც არ გვიგზავნის ინფორმაციას, თუ რა პრინციპით შეირჩა თორნიკე რობაქიძე მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის იჯარის წესით, 15 წლის ვადით, გადასაცემად.

რადიო „მარნეული“

Print E-mail
FaceBook Twitter Google